Baby Bag

თუ ბავშვს ამ მეთოდებით გააკაჟებთ, დაგავიწყდებათ რა არის გრიპი და მწვავე რესპირაციული ინფექცია - ყარამან ფაღავას რეკომენდაცია

თუ ბავშვს ამ მეთოდებით გააკაჟებთ, დაგავიწყდებათ რა არის გრიპი და მწვავე რესპირაციული ინფექცია - ყარამან ფაღავას რეკომენდაცია

პედიატრმა ყარამან ფაღავამ მშობლებს ბავშვის გასაკაჟებლად საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რევოლუციები არ მიყვარს. თანდათანობაა საჭირო. პირველ რიგში, საჭიროა გაკაჟება. ეს არის საუკეთესო იმუნიტეტისთვის. არის უამრავი წამალი. ზოგიერთს მეც ვნიშნავ. მკვდარი ბაქტერიებია, რომელიც ინფექციას არ იწვევს, მაგრამ იმუნიტეტს აუმჯობესებს, მაგრამ მთავარი არის ცივი წყალი. ხელ-პირი უნდა დავბანოთ ცივი წყლით ჩვილ ბავშვებსაც კი. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსამდე ჩავიყვანოთ. აბაზანის შემდეგ ბავშვს ცივი წყალი გადავავლოთ. ერთი-ორი წლის ასაკში შეგვიძლია ტანის დაზელვა სველი პირსახოცით. გავა კიდევ ერთი წელიწადი და უნდა დავიწყოთ ცივი შხაპი, რომელსაც 10 წამი უნდა. დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, დაგავიწყდებათ რა არის მწვავე რესპირაციული ინფექცია.“

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ წელიწადში 5-6 რესპირატორული დაავადება ნორმა არისო. არა, ბატონებო. არ ვეთანხმები ამას. ეს ხშირია! ასე ხშირად გვხვდება, მაგრამ ეს ნორმა არ არის. ნორმა ის არის, ბავშვი სულ რომ არ ხდება ავად. საბავშვო ბაღებს აბრალებენ, რომ საბავშვო ბაღში მივიყვანე და დაიწყო ავად გახდომა. მართლაც ხშირად ასე ხდება, მაგრამ დაუკვირდით, განა ყველა ხდება ავად?! ზოგიერთი სულ ავად არის, ზოგიერთი კი მიუხედავად იმისა, გარეთ ქარია, გაოფლიანებულიც არის, მაგრამ არის კარგი იმუნიტეტის, კარგად გაკაჟებულია. გარკვეულწილად, ალბათ, გენეტიკასაც აქვს მნიშვნელობა. სახლში წასაღები მესიჯი შემდეგია: თუ ჩვენ ჩვენს შვილებს გავაკაჟებთ, პრობლემა ექიმთან მისასვლელი მხოლოდ ის გექნებათ ცურვაზე წაიყვანოთ ბიჭი, ფეხბურთზე თუ ჭიდაობაზე, ხოლო თუ გოგონაა, ცეკვაზე თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები ნულამდე დავა,“-აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად