Baby Bag

„ბავშვის საკვებში უნდა ჭარბობდეს ყვითელი ხილი და ბოსტნეული,“- ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია

„ბავშვის საკვებში უნდა ჭარბობდეს ყვითელი ხილი და ბოსტნეული,“- ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია

ენდოკრინოლოგმა ეკატერინე ფაცაციამ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის სიმაღლეში ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის, მისი კვების რაციონი A ვიტამინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით გაამდიდრონ:

„იმისთვის, რომ ყველაფერი ნორმალურად განვითარდეს, ბავშვს არ ჰქონდეს პრობლემა ზრდასა და განვითარებაში, კვება უნდა იყოს მოწესრიგებული, ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ხელშეწყობილი და ძილის რეჟიმი მოწესრიგებული. მეტი ცილოვანი პროდუქტები უნდა იყოს ბავშვის საკვებში და ნაკლები რაფინირებული ნახშირწყლები, იმიტომ, რომ ისინი ზრდის ჰორმონს აფერხებენ. ზრდის ვიტამინი არის ვიტამინი A. ბავშვის საკვებში უნდა ჭარბობდეს ვიტამინ A-თი გაჯერებული პროდუქტები. ეს არის ყვითელი ფერის ბოსტნეული და ხილი. ეს შეიძლება იყოს სტაფილო და ციტრუსი, კომბოსტო, ყველი, ხორცი, ღვიძლი, კარაქი და რძე. ეს არის აუცილებელი საშენი მასალისთვის.“

„ძალიან მარტივი ვარჯიში, რომელიც დღესვე შეუძლია ოჯახში ყველას გააკეთოს, ბავშვმა უნდა სცადოს, რომ სიმაღლეზე დაკიდებულ საგანს ხელით მისწვდეს, ასევე ცურვა არის ხელშემწყობი. ძალიან კარგია სიმაღლეში ზრდისთვის ბატუტზე ხტუნვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან ძილს. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას. ძილის წინ აუცილებლად შებრძანდით, მოეფერეთ თქვენს შვილებს, გაანიავეთ საძინებელი, დაწოლამდე ერთი საათით ადრე გაასეირნეთ ბავშვი,“- აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა უქმეებზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად