Baby Bag

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ალერგიისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავების წესებზე ისაუბრა:

„გაციება და ალერგია ერთმანეთისგან მარტივად განირჩევა. სეზონური ალერგიისთვის, ისევე როგორც ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადებისთვის, დამახასიათებელია ცხვირთან და თვალთან დაკავშირებული სიმპტომები. სეზონური ალერგიის სიმპტომები დიდხანს გრძელდება, იმიტომ, რომ არცერთი მცენარე არ ყვავილობს ერთი კვირა. გაციებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ეს 10 დღეზე მეტხანს გრძელდება. ინფექციის დროს გამონადენი, რომელიც თავიდან გამჭვირვალეა, გაყვითლდება და შესქელდება. ალერგიის დროს ეს იშვიათად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია. ალერგია და სიცხე ერთმანეთთან არ მეგობრობენ. თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა განსაკუთრებით სეზონურ ალერგიას ახასიათებს. თუ  მცენარეული მარცვალი ჰაერშია, ის თვალის ლორწოვანზეც ეწეპება. ადამიანებს ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. ამ დროს რაც უფრო იქავებს ადამიანი თვალს, ამწვავებს პრობლემას საკუთარი ხელით. დროული ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მერე მეორადი ინფიცირება ხდება.

„ჩვენ სალაღობო ტერმინსაც კი ვიყენებთ ხოლმე. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ: გაჭედილები და მომხოცველები. მომხოცველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცენარის მიმართ გამოწვეული ალერგია. გაჭედილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მთელი წელი ალერგია, ოთახის მტვერზე, ძაღლზე, კატაზე. ასე გამოიცნობა ხოლმე უხშირესად. თუმცა შესაძლებელია, სეზონური ალერგიის დროს იყოს ძლიერი გამონადენიც და გაჭედილობაც. ყველაზე რთული კატეგორიის არიან ადამიანები პოლისენსიბილიზაციით. ისინი ბევრ რამეზე სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება მთელი წელიც ჰქონდეთ ალერგია და პარალელურად სეზონურადაც,“-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად