Baby Bag

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ალერგიისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავების წესებზე ისაუბრა:

„გაციება და ალერგია ერთმანეთისგან მარტივად განირჩევა. სეზონური ალერგიისთვის, ისევე როგორც ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადებისთვის, დამახასიათებელია ცხვირთან და თვალთან დაკავშირებული სიმპტომები. სეზონური ალერგიის სიმპტომები დიდხანს გრძელდება, იმიტომ, რომ არცერთი მცენარე არ ყვავილობს ერთი კვირა. გაციებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ეს 10 დღეზე მეტხანს გრძელდება. ინფექციის დროს გამონადენი, რომელიც თავიდან გამჭვირვალეა, გაყვითლდება და შესქელდება. ალერგიის დროს ეს იშვიათად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია. ალერგია და სიცხე ერთმანეთთან არ მეგობრობენ. თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა განსაკუთრებით სეზონურ ალერგიას ახასიათებს. თუ  მცენარეული მარცვალი ჰაერშია, ის თვალის ლორწოვანზეც ეწეპება. ადამიანებს ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. ამ დროს რაც უფრო იქავებს ადამიანი თვალს, ამწვავებს პრობლემას საკუთარი ხელით. დროული ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მერე მეორადი ინფიცირება ხდება.

„ჩვენ სალაღობო ტერმინსაც კი ვიყენებთ ხოლმე. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ: გაჭედილები და მომხოცველები. მომხოცველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცენარის მიმართ გამოწვეული ალერგია. გაჭედილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მთელი წელი ალერგია, ოთახის მტვერზე, ძაღლზე, კატაზე. ასე გამოიცნობა ხოლმე უხშირესად. თუმცა შესაძლებელია, სეზონური ალერგიის დროს იყოს ძლიერი გამონადენიც და გაჭედილობაც. ყველაზე რთული კატეგორიის არიან ადამიანები პოლისენსიბილიზაციით. ისინი ბევრ რამეზე სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება მთელი წელიც ჰქონდეთ ალერგია და პარალელურად სეზონურადაც,“-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,პატარა ეშმაკობას გასწავლით, როგორ უნდა განასხვაოთ კოვიდი და გაციება ერთმანეთისგან''

,,პატარა ეშმაკობას გასწავლით, როგორ უნდა განასხვაოთ კოვიდი და გაციება ერთმანეთისგან''

გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:

,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი. 

თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:

,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''

კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო. 

,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

წყარო: ​Usmle

წაიკითხეთ სრულად