Baby Bag

„ძალიან კარგი ამბავია... პანდემია უკვე აღარ იქნება! ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა,“ - გიორგი ღოღობერიძე

„ძალიან კარგი ამბავია... პანდემია უკვე აღარ იქნება! ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ 7 აპრილს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევების არარსებობაზე ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსის პანდემიის შესაძლო დასრულების შესახებ:

„თქვენ, ალბათ, უკვე ნახეთ ეს სიახლე, გილოცავთ! უკვე ეტაპობრივად დგება ის მომენტი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი, რომელიც ჩვენთვის იყო სტრესის მიზეზი, ეტაპობრივად ბარდება წარსულს. 7 აპრილს არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ამ ვირუსისგან. რამდენი ხანია ჩვენ ამ კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არავინ გარდაცვლილა. როგორი კარგი ამბავია, ხომ? ამ დღეს ველოდით.

2021 წლის 25 დეკემბერს მე ომიკრონზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ კოვიდს იმ სახით, რა სახითაც მანამდე ვიცნობდით, აღარ შევხვდებით-მეთქი. ასეც მოხდა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ომიკრონი სავარაუდოდ რეალობაში აბარებს კოვიდს წარსულს. პანდემია უკვე აღარ იქნება. კოვიდი იქნება ჩვეულებრივი ინფექცია ერთეული შემთხვევებით. ძალიან კარგი ამბავია. მადლობა ნდობისთვის და მონდომებისთვის. ხომ ხედავთ, არ ღირდა პანიკად. ყველაფერი დასრულდა სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო. გილოცავთ!“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი


შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად