Baby Bag

„ძალიან კარგი ამბავია... პანდემია უკვე აღარ იქნება! ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა,“ - გიორგი ღოღობერიძე

„ძალიან კარგი ამბავია... პანდემია უკვე აღარ იქნება! ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ 7 აპრილს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევების არარსებობაზე ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კორონავირუსის პანდემიის შესაძლო დასრულების შესახებ:

„თქვენ, ალბათ, უკვე ნახეთ ეს სიახლე, გილოცავთ! უკვე ეტაპობრივად დგება ის მომენტი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი, რომელიც ჩვენთვის იყო სტრესის მიზეზი, ეტაპობრივად ბარდება წარსულს. 7 აპრილს არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ამ ვირუსისგან. რამდენი ხანია ჩვენ ამ კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არავინ გარდაცვლილა. როგორი კარგი ამბავია, ხომ? ამ დღეს ველოდით.

2021 წლის 25 დეკემბერს მე ომიკრონზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ კოვიდს იმ სახით, რა სახითაც მანამდე ვიცნობდით, აღარ შევხვდებით-მეთქი. ასეც მოხდა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ომიკრონი სავარაუდოდ რეალობაში აბარებს კოვიდს წარსულს. პანდემია უკვე აღარ იქნება. კოვიდი იქნება ჩვეულებრივი ინფექცია ერთეული შემთხვევებით. ძალიან კარგი ამბავია. მადლობა ნდობისთვის და მონდომებისთვის. ხომ ხედავთ, არ ღირდა პანიკად. ყველაფერი დასრულდა სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო. გილოცავთ!“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი


შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის აბაზანის სათამაშო იხვი სახიფათო ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

რატომ არის აბაზანის სათამაშო იხვი სახიფათო ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

აბაზანის სათამაშოებს შორის პატარა ყვითელი იხვები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარედან აღნიშნული სათამაშო აბსოლუტურად უსაფრთხოდ გამოიყურება, თუმცა მისი უხილავი მხარე არც ისე უწყინარია, როგორც ეს ხშირად გვგონია.

აბაზანის სათამაშო იხვს, რომელსაც ბავშვი აქტიურად იყენებს, შუაზე თუ გაჭრით, ნანახი უსიამოვნოდ გაგაკვირვებთ. ბავშვებს ძალიან სიამოვნებთ აბაზანაში იხვებით თამაში. რა ხდება, როდესაც სათამაშოში წყალი აღწევს? თბილ და ტენიან აბაზანაში იდეალური პირობებია ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად. ​დროთა განმავლობაში აბაზანის იხვი ბინძურდება, ბაქტერიები კი გარეთ მარტივად აღწევენ, როდესაც ბავშვი თამაშს იწყებს.

ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარები აღნიშნულ საკითხს აქტიურად იკვლევდნენ. ისინი ახალ და გამოყენებულ აბაზანის სათამაშოებს ერთმანეთს ადარებდნენ. თერთმეტი კვირის განმავლობაში მეცნიერები საყოფაცხოვრებო პირობებში აქტიურად იყენებდნენ აბაზანის სათამაშოებს. შემდეგ ისინი აღნიშნულ სათამაშოებს შუაზე ჭრიდნენ, რათა მათი შიდა მხარე ყურადღებით დაეთვალიერებინათ.

გამოყენებული სათამაშოების შიდა ზედაპირის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 5-დან 75 მილიონამდე სოკოსა და სხვასხვა ბაქტერიის უჯრედი აღმოაჩინეს. სათამაშოს შიდა ზედაპირზე პათოგენური ბაქტერია ლეგიონელაც აღმოჩნდა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ​ბაქტერიების მსგავსი მომრავლება სათამაშოების დაბალი ხარისხის მასალით დამზადებასთან არის კავშირში. აღნიშნული სათამაშოები მოხმარებისას გარემოში დიდი რაოდენობით ნახშირბადოვან ნაერთებს გამოყოფს.

სააბაზანოში თამაშისას დაბალი ხარისხის სათამაშოების მავნე ეფექტებს სხვა ნეგატიური ფაქტორებიც ემატება. წყალი ჭუჭყიანდება, როდესაც ბავშვი ბანაობს. მასში რჩება ჰიგიენური მოვლის საშუალებების ნარჩენებიც. პატარები აბაზანის სათამაშოებით თამაშისას ხშირად ყლაპავენ წყალს, რადგან სათამაშოს ხელით მოჭერისას წყლის ჭავლი სახეზე ეშხეფებათ.

ფოტოზე თქვენ ხედავთ აბაზანის სათამაშო იხვს, რომელიც ​ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ნამდვილად არასახარბიელოდ გამოიყურება.

მეცნიერების დასკვნით, აბაზანის სათამაშოებით თამაშმა, შესაძლოა, ბავშვის იმუნური სისტემა გააძლიეროს. მიუხედავად ამისა, ის შეიძლება თვალის, ყურის ან კუჭ-ნაწლავის ინფექციათა გამომწვევ მიზეზადაც იქცეს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ტიპის ​სათამაშოების დაბალი ხარისხი კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც მეტ ზედამხედველობას და რეგულაციების გამკაცრებას საჭიროებს.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად