Baby Bag

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:

„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.

რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.

წყარო: ​Mziuri Med 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვობაში ხშირად გვესმის: „ცელქია და ვერ გავაგებინე ვერაფერი,“ მერე საკუთარ თავს ვეუბნებით იმავეს,“ - ირინა ტაბუციძე

„თუ ბავშვობაში ხშირად გვესმის: „ცელქია და ვერ გავაგებინე ვერაფერი,“ მერე საკუთარ თავს ვეუბნებით იმავეს,“ - ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ნეგატიური ფიქრების დამაზიანებელი ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნეგატიურ აზრებზე კონცენტრაცია ადამიანებს ხშირად უკან ხევთ:

„ნეგატიური ფიქრები ყველას გვიჩნდება. ეს დამაზიანებელი ხდება მაშინ, როდესაც არის ძალიან ხშირად, ინტენსივობა რომ მაღალი აქვს. ყველა შენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ერთი და იგივე აზრი ტივტივდება. თქვენს ფიქრებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე მოვლენა იწვევს ამას. ყოველი ახალი პროექტის დაწყების წინ პირველი შეიძლება მოდიოდეს: „არ გამომივა, მე ხომ ამდენი არ შემიძლია, ​მე ამას ვერ შევძლებ, მე ამას ვერ გადავიტან.“ წარმოიდგინეთ, რამდენად გხევთ ეს უკან და რამდენად დამაზიანებელია.”

ირინა ტაბუციძის თქმით, ​ნეგატიური აზრების ძლიერი გავლენა, ბავშვობიდან მოდის და არასწორი აღზრდის შედეგია:

„ხშირად სათავე მაინც არის ხოლმე ბავშვობაში, აღზრდაში. მნიშვნელოვანია, ხშირად გვაქებენ თუ არა, გვაღიარებენ თუ არა, ჩვენს წარმატებას აღნიშნავენ თუ არა. თუ ბავშვობაში ხშირად გვესმის: „ამისგან არაფერი არ გამოვა,“ „ცელქია და ვერ გავაგებინე ვერაფერი,“ მერე რაც მშობლისგან გვესმის, საკუთარ თავს ვეუბნებით იმავეს. გადაჭარბებული ქება სხვა პრობლემას შექმნის, შეიძლება რეალობას ასცდე.“

„ნეგატიურ აზრს, როგორც წესი, ახლავს ემოცია. ის რაღაც ძლიერ ემოციას იწვევს. შეიძლება ეს იყოს შფოთვა, შიში, ბრაზი. თუ ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ის არის უკვე დამაზიანებელი. ​ნეგატიური აზრი ხდება დამაზიანებელი მაშინ, როდესაც ჩვენ მასზე რეაგირებას ვახდენთ. შეიძლება, მოვიდეს ფიქრი და წავიდეს, დავთრგუნო ეს ფიქრი. არის სიტუაცია, როდესაც ამას ვერ ვახერხებთ. რეაგირება რას ნიშნავს?! დავიწყებ შფოთვას, რეალურად ვაფუჭებ საქმეს და ვამართლებ შიშს. ამას შეგვიძლია დავარქვათ აკვიატება. ვერ ვაკონტროლებთ ამას, თავისით მოდის და მოდის. რთულ შემთხვევაში სჯობს სპეციალისტს მივმართოთ. რთულია შემთხვევა, როდესაც აღმოაჩენ, რომ აღარც კარიერა გაქვს, აღარც პირადი ცხოვრება, ყოველი სიახლის დროს შენი ნეგატიური აზრები გხევს უკან, არაფერი აღარ გიხარია. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა უკვე“ - აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“ 

წაიკითხეთ სრულად