Baby Bag

„მარხვა ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია,“- ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე

„მარხვა ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია,“- ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე

ენდოკრინოლოგმა ლიკა თეთრაძემ მარხვის პერიოდში ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მარხვა ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ კარგის მომტანია:

„მარხვა სულიერი ასპექტების გარდა, კვებით ჭრილში ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია. ხდება განტვირთვა ცხოველური საკვებისგან წელიწადში რამოდენიმეჯერ. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულები, მეძუძურები, ასევე მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ადამიანმა გადაწყვეტილება ექიმთან და მოძღვართან შეთანხმებით უნდა მიიღოს. მთელ რიგ შემთხვევაში მხოლოდ დანამატები არის ხოლმე საკმარისი, რომ მარხვის პერიოდი გავიაროთ. დანამატების დამატების შემთხვევაში მათ სრულად შეუძლიათ დაიცვან მარხვა.

ზრდასრულმა, ჯანმრთელმა ადამიანებმა, რომლებიც სრულად მარხულობენ, უპირატესობა უნდა მიანიჭონ აუცილებლად ჯანსაღ კვებას. ეს ყველაფერი არ უნდა გადავიდეს შემწვარი კარტოფილისა და ლობიანის იმედად. ბევრს ვეკითხები, დილით საუზმეზე რას იღებენ. საუზმე ყველაზე რთულია, სხვათა შორის, მარხვაში. ძირითადად არის ჯემი და პური, თაფლი და პური. ეს არ არის საუზმე. კარგია ფაფის ვერსია, ჩია, ხილი, შვრია. შეგიძლიათ ერთი-ორი ლებანი თხილი მიაყოლოთ. ეს ფანტასტიკური საუზმეა. არის ხალხი, ვისაც შეუძლია აჯაფსანდალით დაიწყოს საუზმე. არაფერს არ ვერჩი. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ჯემით დაწყება. შესაძლოა, ვიღაცამ დაიწყოს ისპანახით, ავოკადოთი,“- აღნიშნულ საკითხზე ლიკა თეთრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვთა ვაქცინაციაზე რა ვთქვათ, როდესაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გვყავს აცრილი,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

„ბავშვთა ვაქცინაციაზე რა ვთქვათ, როდესაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გვყავს აცრილი,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი:

​ბავშვთა ვაქცინაციაზე რა ვთქვათ, როდესაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გვყავს აცრილი. ჩემი პირველი გაკვირვება არის ის, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი კითხვის გარეშე, აბსოლუტურად მშვიდად ცრიან თავიანთ შვილებს ყველა სხვა ვაქცინით. სამშობიაროში უკეთებენ ვაქცინებს, მერე ცრიან როგორც საჭიროა. არასოდეს ისინი კითხვას არ სვამენ და უცებ, როდესაც მათ აცრას ეხება საქმე, აქ უჩნდებათ საოცარი კითხვები.“

მაია ხერხეულიძის თქმით, სხვებისა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ავიცრათ:

„რატომ უნდა აიცრათ? იმიტომ, რომ თქვენი სიცოცხლე და თქვენ გვერდით მყოფი ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოთ. იმიტომ უნდა აიცრათ, რომ დღეს საავადმყოფოში ვინც გვეღუპება, იმათი 98% არის აუცრელი.“

„ერთ შემთხვევას ვიტყვი. ჩვენი კოლეგა ზამთარში დაიღუპა, მაშინ, როდესაც ვაქცინა ჯერ კიდევ არ იყო. ახლა მეხუთე ტალღაზე დაიღუპა მისი ძმა. ის იყო 51 წლის, ჯანმრთელი, რომელიც არ იყო აცრილი. ​ამიტომ უნდა აიცრათ, რომ თქვენი სიცოცხლე იხსნათ. უამრავი პაციენტი იღუპება, რომელსაც არ აქვს რაიმე თანმდევი დაავადება,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „შუადღე - Live” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე - Live”

წაიკითხეთ სრულად