Baby Bag

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ჩაის კოვზი შაქარია დასაშვები ყოველდღიურად ქალისთვის? - ქეთი ასათიანის რეკომენდაციები

რამდენი ჩაის კოვზი შაქარია დასაშვები ყოველდღიურად ქალისთვის? - ქეთი ასათიანის რეკომენდაციები

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა იმ ზიანის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ორგანიზმს ტკბილი გაზიანი სასმელებისა და სწრაფი კვების ობიექტების საკვების მირთმევა აყენებს:

„ე.წ. „ჯანქ“ საკვები დამოკიდებულებას იწვევს. როდესაც გვწყურია და მივირთმევთ არა წყალს, არამედ გაზიან ტკბილ სასმელს, წყურვილის შეგრძნებას ის არ გვიკლავს. მაქსიმალურად გაქვს მოთხოვნილება, რომ კიდევ უფრო მეტი მიირთვა. ეს გამომდინარეობს მისი შემადგენლობიდან. მასში შედის აურაცხელი ოდენობით შაქარი, ისევე როგორც კოფეინი, ეს ქმნის ერთგვარ დამოკიდებულებას.“

ქეთი ასათიანის თქმით, ყოველი ნახევარი ლიტრი ტკბილი გაზიანი სასმელის მიღებისას ჩვენ 12 ჩაის კოვზ შაქარს ვიღებთ:

5​00 მილილიტრი ტკბილი გაზიანი სასმელი 12 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. ეს არის ის, რასაც იღებთ თქვენ სითხის სახით. რამდენი ჩაის კოვზი შაქარია დასაშვები ყოველდღიურად ქალისთვის? ქალისთვის დღიური დასაშვები ნორმა არის ექვსი კოვზი. ზაფხულში გაზიან სასმელებს ემატება ნაყინი, ტკბილეული. ამას ემატება ჩაისა და ყავაში გამოყენებული შაქარი, შოკოლადი. ჯამში დღიურად, შესაძლოა, გამოგვივიდეს 22 ჩაის კოვზი შაქრის მიღება.“

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებში, რომლებიც კვირაში ორჯერ მიირთმევდნენ კარტოფილ ფრის ორჯერ იყო გაზრდილი ნაადრევი სიკვდილის რისკი. თუ ვართ კარტოფილის მოტრფიალე, შეგვიძლია მივირთვათ გამომცხვარი კარტოფილი. გვერდს ვერ ავუვლით ბურგერსაც. ბურგერში გამოიყენება დამუშავებული ხორცი. დამუშავებული ხორცის მირთმევა ზრდის სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების რისკებს, ისევე როგორც​ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკებს. აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, თუ რას მივირთმევთ და რამდენჯერ მივირთმევთ,” - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად