Baby Bag

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ხანდაზმულობასთან და საპენსიო ასაკთან შეგუების უნარების მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ქალები უფრო ადაპტირებულები არიან ამასთან. საპენსიო ასაკში, სამსახურიდან თუ გამოუშვეს ქალი, მას შეუძლია დატვირთვა უფრო სწრაფად აკრიფოს, ბავშვს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მას ფუნქცია აქვს. კაცმა არ იცის რა გააკეთოს. სამსახური არ აქვს და ბოდიალს იწყებს სახლში, ფეხებში გედება.“

ზურა მხეიძის თქმით, ბაბუებს შვილიშვილები ფუნქციას სძენენ, რის გამოც მათ ისინი განსაკუთრებუთ უყვართ:

„ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები. შვილები დიდი ჰყავს, არავინ ეფერება. ერთი სული აქვს შვილიშვილი ჰყავდეს, იმიტომ, რომ შვილიშვილს უყვარს ბაბუ. მე ბაბუა ჯერ არ ვარ, მაგრამ ბაბუებს რომ ვეკითხები, შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ამას მეუბნება. სულ სხვა განცდააო, ამბობენ. ფუნქციას ნახულობს ადამიანი.“

„კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უფრო რთულად ასატანია. სამსახური რომ არ აქვს კაცს, იმის გამო, რომ „ამტკიცოს, რომ კაცია,“ სახლში ყვირის, სვამს. სხვანაირად ვერაფერს ვერ ამტკიცებს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად