Baby Bag

„თუ ყოველდღიურად მივიღებთ კვერცხს, მეხსიერება მკვეთრად გაგვიუმჯობესდება,“- ლევან რატიანი

„თუ ყოველდღიურად მივიღებთ კვერცხს, მეხსიერება მკვეთრად გაგვიუმჯობესდება,“- ლევან რატიანი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრეს და მისი დღიურად მისაღები ნორმაც დაასახელეს:

„ქათმის კვერცხის სასარგებლო და საზიანო ეფექტებზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ ეს პროდუქტი ძალიან კარგია. ზოგი მასში ყვითელი გულის არსებობის გამო ამას უარყოფს, ვინაიდან ეს გული ქოლესტერინს შეიცავს და ამბობენ, რომ იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას. ამის გამო ზოგიერთი ადამიანი ერიდება მის მირთმევას. ზოგი პირიქით, ცილის ბუნებიდან გამომდინარე ძალიან ბევრს ჭამს. ზომიერი მიღების შემთხვევაში გულიც და ცილაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

დღეში ორი კვერცხი ის ოპტიმალური რაოდენობაა, რომელიც ბევრი პრობლემის პრევენციაშიც დაგვეხმარება. რა დაემართება ჩვენს სხეულს, თუ ყოველდღიურად ორ კვერცხს შევჭამთ? ადამიანის თავის ტვინში არსებობს უჯრედები - ნეიროციტები. ნეიროციტების მემბრანაზე არსებობს ნივთიერება ფოსფოლიპიდი. ის აუმჯობესებს მეხსიერებას მასში არსებული ქოლინის გამო. ქათმის კვერცხი შეიცავს ქოლინს. თუ ყოველდღიურად მივიღებთ კვერცხს, მეხსიერება მკვეთრად გაგვიუმჯობესდება.

კვერცხი გაგიუმჯობესებთ მხედველობას. ის მდიდარია ლუტეინით. ეს ნივთიერება განაპირობებს მკვეთრ, მახვილ და სუფთა მხედველობას. კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს, ასევე კალციუმს. ჩვენი ძვლოვანი სტრუქტურისა და კბილებისთვის ორივე უმნიშვნელოვანესია. კვერცხი ის საკვები პროდუქტია, რომელშიც შედის B ვიტამინის ჯგუფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, განსაკუთრებით B12, რომელიც უამრავ ფიზიოლოგიურ პროცესში იღებს მონაწილეობას. თუ ყოველდღიურად მიიღებთ ორ კვერცხს, B12 დეფიციტის ანემია მკვეთრად იქნება შემცირებული. B12-ს აკისრია ანტიოქსიდანტური აქტივობის ფუნქცია. მისი დეფიციტის დროს მიმდინარეობს ღვიძლის გაცხიმოვნების პროცესი მეორადად.

კვერცხში შემავალი ქოლესტერინი პირიქით სასარგებლოა ჩვენთვის. კვერცხი ხელს უწყობს წონაში კლებას. ამერიკელი დიოტოლოგები დილით უზმოზე კვერცხის მირთმევის რეკომენდაციას გასცემენ. ასე დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობა უფრო ნაკლები იქნება.

კვერცხი პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში 18%-ით ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკებს. კვერცხი სასარგებლოა იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ორულობას გეგმავენ. მასში დიდი რაოდენობით არის ფოლიუმის მჟავა. კვერცხი ანელებს დაბერების პროცესს და კანს ამკვრივებს. ეს არის უახლესი ინფორმაცია კვერცხის შესახებ.“

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად