Baby Bag

„ბაღი სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია, მას აქვს თავისი დატვირთვა,“- პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

„ბაღი სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია, მას აქვს თავისი დატვირთვა,“- პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბაღში ვირუსული ინფექციების ხშირი გავრცელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია:

„ის, რომ ბავშვს რამოდენიმეჯერ და ხშირად ემართება ვირუსული ინფექცია, ეს არის ჩვეულებრივი რამ, ეს არის ბავშვის ფიზიოლოგია. იბადება ბავშვი, მისი იმუნური სისტემა არ მუშაობს და დაბადების შემდგომ იწყებს მუშაობას. როგორ მუშაობს იმუნური სისტემა? ჩვენ რაღაცას უნდა შევხვდეთ, რომ მის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოვიმუშაოთ. ეს საჭიროც არის.

ჩვენ თუ ბავშვს ვამყოფებთ რაღაც სივრცეში, იზოლაციაში და შემდგომ უცებ გავუშვებთ სკოლაში, იგივე დაემართება მას სკოლაში. იქ შეხვდება ამ ვირუსულ ინფექციას. ბაღს აქვს თავისი დატვირთვა. ერთია, რომ ბავშვი იქ სწავლობს სოციალიზაციას, უნარებს ითვისებს და მეორე ის არის, რომ ბაღი სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია. ამ დროს მიდის იმუნური წვრთნა. მნიშვნელოვანია, ბავშვმა რაღაც პერიოდი გაიაროს ბაღში და სკოლას შემზადებული და გარკვეული იმუნური სისტემით შეხვდეს. მით უმეტეს პანდემიის დროს ნაკლები კონტაქტი იყო და სხვა ვირუსული ინფექციებიც ნაკლებად ვრცელდებოდა. ახლა გაზაფხულია, მეტი მოძრაობაა და რა თქმა უნდა, ვირუსების რაოდენობამ იფეთქა. მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ეს განსაკუთრებულად არ უნდა განვიცადოთ. წელიწადში მარტივი გაციებით ავადობა 7-დან 11-მდე შეიძლება იყოს. ეს აბსოლუტურად არ წარმოადგენს გარკვეულ პრობლემას. ჩვენ ამით ვავარჯიშებთ ბავშვის იმუნურ სისტემას,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის,“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

„ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის,“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ხორცის სწორად მომზადებისა და მიღების წესებზე ისაუბრა, რათა მისგან ორგანიზმმა რკინა მაქსიმალურად შეიწოვოს:

„რაოდენობრივად 100 გრამი პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს საქონლის წითელი ხორცი, საქონლის ენა. ხორცი უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. მისი მომზადების პროცესში არ უნდა მოხდეს რკინის გარეთ გამორეცხვა. 100 გრამი ხორცის მიღება გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მიღება.“

ნინო შარაშენიძის თქმით, ხორცის მომზადების ორი მარტივი წესი არსებობს:

„მომზადება ძალიან მარტივია.​ არსებობს ხორცის მომზადების ორი მარტივი წესი. თუ გინდათ, რომ ბულიონი გამდიდრებული იყოს ნივთიერებებით, ხორცი უნდა ჩადოთ ცივ წყალში, რომ დუღილის პროცესში ეს ნივთიერებები ბულიონში გამოირეცხოს. თუ იღებთ ხორცს, როგორც სამკურნალო საშუალებას, სჯობს ჩადოთ ცხელ წყალში და ისე მოხარშოთ. საერთოდ ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლის დროსაც პროტეინებით მდიდარი ბულიონი ენიშნება ხოლმე პაციენტს.“

„ბულიონის ნახარშის გამოცვლა ხორცის კვებით ღირებულებაზე საერთოდ არ მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ ბულიონს ხუთჯერ გამოუცვალოთ წყალი. მთავარია, რომ ის ყველა გამოცვლის დროს ცხელ წყალში მოათავსოთ,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო შარაშენიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად