Baby Bag

„ბაღი სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია, მას აქვს თავისი დატვირთვა,“- პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

„ბაღი სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია, მას აქვს თავისი დატვირთვა,“- პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი

პედიატრმა ნანუკა ყავლაშვილმა ბაღში ვირუსული ინფექციების ხშირი გავრცელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია:

„ის, რომ ბავშვს რამოდენიმეჯერ და ხშირად ემართება ვირუსული ინფექცია, ეს არის ჩვეულებრივი რამ, ეს არის ბავშვის ფიზიოლოგია. იბადება ბავშვი, მისი იმუნური სისტემა არ მუშაობს და დაბადების შემდგომ იწყებს მუშაობას. როგორ მუშაობს იმუნური სისტემა? ჩვენ რაღაცას უნდა შევხვდეთ, რომ მის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოვიმუშაოთ. ეს საჭიროც არის.

ჩვენ თუ ბავშვს ვამყოფებთ რაღაც სივრცეში, იზოლაციაში და შემდგომ უცებ გავუშვებთ სკოლაში, იგივე დაემართება მას სკოლაში. იქ შეხვდება ამ ვირუსულ ინფექციას. ბაღს აქვს თავისი დატვირთვა. ერთია, რომ ბავშვი იქ სწავლობს სოციალიზაციას, უნარებს ითვისებს და მეორე ის არის, რომ ბაღი სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია. ამ დროს მიდის იმუნური წვრთნა. მნიშვნელოვანია, ბავშვმა რაღაც პერიოდი გაიაროს ბაღში და სკოლას შემზადებული და გარკვეული იმუნური სისტემით შეხვდეს. მით უმეტეს პანდემიის დროს ნაკლები კონტაქტი იყო და სხვა ვირუსული ინფექციებიც ნაკლებად ვრცელდებოდა. ახლა გაზაფხულია, მეტი მოძრაობაა და რა თქმა უნდა, ვირუსების რაოდენობამ იფეთქა. მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ეს განსაკუთრებულად არ უნდა განვიცადოთ. წელიწადში მარტივი გაციებით ავადობა 7-დან 11-მდე შეიძლება იყოს. ეს აბსოლუტურად არ წარმოადგენს გარკვეულ პრობლემას. ჩვენ ამით ვავარჯიშებთ ბავშვის იმუნურ სისტემას,“- მოცემულ საკითხზე ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად