Baby Bag

4 მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ანალიზი, რომელიც დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შესაძლებლობას გვაძლევს - ნინო ღულათავას რეკომენდაცია

4 მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ანალიზი, რომელიც დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შესაძლებლობას გვაძლევს - ნინო ღულათავას რეკომენდაცია

ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ღულათავამ პროფილაქტიკის მიზნით ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა, რომ ლაბორატორიული სერვისი არის ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ გვაქვს თუ არა რაიმე დარღვევები. ლაბორატორიული ტესტები ადრეულ ეტაპზე გვაძლევს ინფორმაციას, არის თუ არა რაიმე ცვლილებები. შესაძლოა, პაციენტს არ ჰქონდეს რაიმე სახის სიმპტომი ან ჩივილი, მაგრამ პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევებით აღმოვაჩინოთ ის დარღვევები, რომელიც უსწრებს კლინიკურ სიმპტომებს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა.

პროფილაქტიკური გამოკვლევები ისეთი კვლევებია, როგორებიც არის: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კვლევა გლუკოზაზე და კვლევა კრეატინინზე. ეს ის კვლევებია, რომლებიც თავიდავნე გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია. ავიღოთ სისხლის საერთო ანალიზი. საკმაოდ რუტინული კვლევაა. ამ კვლევის საფუძველზე ექიმს ძალიან თამამად შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გვაქვს თუ არა ჰემატოლოგიური დარღვევა, ინფექცია, ადრეულ ეტაპზე ვთქვათ რაიმე ონკოლოგიასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ეს სკრინინგული, პროფილაქტიკური ტესტია, რომელიც მოიცავს და გვაძლევს ძალიან ბევრ ინფორმაციას პაციენტზე. თანამედროვე კვლევებით შესაძლებელია სეფსისის ადრეული დიაგნოსტიკა, ანემიის ადრეული დიაგნოსტიკა. ეს თავიდანვე მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ ამის მკურნალობა.

შარდის საერთო ანალიზი გვაძლევს ძალიან ბევრ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იქ შეგვიძლია ვისაუბროთ თირკმლის ფუნქციებზე, ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზე, ინფექციებზე, თანდაყოლილ დაავადებებზე. ეს კვლევა ადრეული შეფასების საშუალებას გვაძლევს,“- მოცემულ საკითხზე ნინო ღულათავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად