Baby Bag

„თუ დღის განმავლობაში მთქნარების რაოდენობა აღემატება 100-ს, ეს უკვე პათოლოგიაა და აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას,“- ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

„თუ დღის განმავლობაში მთქნარების რაოდენობა აღემატება 100-ს, ეს უკვე პათოლოგიაა და აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას,“- ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პათოლოგიური მთქნარებისა და მისი გამომწვევი დაავადებების შესახებ ისაუბრა:

„მთქნარება ძალიან საინტერესო ფიზიოლოგიური აქტია, რომელიც გულისხმობს ღრმა ჩასუნთქვას და შემდგომ ნელ ამოსუნთქავს. ეს ემსახურება სისხლის ჟანგბადით მომარაგებას. ამ დროს ადამიანი შვებასაც გრძნობს. ეს არის მისი ფუნქციური დატვირთვა. მთქნარების აქტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ მისი გადამდებობის საკითხი. პირველი მიზეზი შესაძლოა, იყოს ქამელეონის ეფექტი. როდესაც ადამიანი უყურებს სტერეოტიპულ მოქმედებას, შეიძლება მან გაიმეოროს, როგორც ქამელეონმა. ადამიანს აქვს ე.წ. სარკისებური ნეირონები. როდესაც მე ვუყურებ რაღაც მოძრაობას, ჩემი სარკისებური ნეირონები იმეორებენ იმას, რაც თვალით აღვიქვი და დავიმახსოვრე. ადამიანს შეიძლება დომინოს ეფექტითაც გადაედოს სხვისი მოძრაობები და ჟესტიკულაციები.

დღის განმავლობაში 15-დან 20-მდე მთქნარება არის ნორმალური მაჩვენებელი. თუ დღის განმავლობაში მთქნარების რაოდენობა აღემატება 100-ს და მეტს, ეს უკვე პათოლოგიაა და აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და ექიმთან კონსულტაციას. მთქნარების რა საფუძველი შეიძლება იყოს სამედიცინო თვალსაზრისით? მთქნარება ცალსახად ასოცირდება ძილის დარღვევასთან. მთქნარება და ძილის სურვილი გაიგივებულია, თუმცა არსებობს ბევრი დაავადება, რომელიც, შესაძლოა, მიანიშნებდეს მთქნარების პათოლოგიურ შინაარსზე. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინისა და ნევროლოგიური დაზიანების ნიშანი. მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, ისეთი ნევროლოგიური დაავადება, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი. შესაძლოა, ასეთ ადამიანს ჰქონდეს მთქნარება, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი. შესაძლოა, მთქნარება იყოს იშემიური ინსულტის ერთ-ერთი გამოხატულება. შესაძლოა, პათოლოგიური მთქნარება იყოს ეპილეფსიისა და შაკიკის აურის ფაზაში. ასეთ შემთხვევაში მივდივართ ნევროლოგთან. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც პათოლოგიური მთქნარება შეიძლება გამოიწვიოს, არის რკინის დეფიციტი. მთქნარება, შესაძლოა, კლინიკურად გამოიწვიოს ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მჟავიანობისკენ გადახრამ. მთქნარება აწუხებთ ძილის ობსტურქციული აპნოეს მქონე ადამიანებს,“- მოცემულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად