Baby Bag

„როდესაც ასეთი ხრჩობაა, წამები წყვეტს ყველაფერს,“- ლევან რატიანის რჩევები უცხო სხეულის გადაცდენის დროს პირველადი დახმარების შესახებ

„როდესაც ასეთი ხრჩობაა, წამები წყვეტს ყველაფერს,“- ლევან რატიანის რჩევები უცხო სხეულის გადაცდენის დროს პირველადი დახმარების შესახებ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა უცხო სხეულის გადაცდენის დროს პირველი დახმარების წესების შესახებ ისაუბრა:

„მინდა, პირად მაგალითზე მოგიყვეთ. ჩემი ახლობლის სახლში ვიყავი. მათ ჰყავთ 5 წლის ბავშვი. ბოთლი იდგა იქვე. მოიყუდა და დადო თუ არა ბავშვმა ბოთლი, დაიწყო ხრჩობა. გადასცდა ბოთლის თავსახური. პირის ღრუში ჩავხედე და არ იყო არაფერი. როდესაც ასეთი ხრჩობაა, წამები წყვეტს ყველაფერს. გულ-მკერდის ზემოთ ბავშვი იყო აბსოლუტურად შავი. ეს მოხდა ნახევარ წამში. ჩემი ქმედება იყო ის, რომ დავიწყე ჰეიმლიხის მანევრი. მუშტს ვადებ მკერდის ძვლის ქვევით და ვიწყებ ქმედებას. ვაწვები შიგნით და ოდნავ ზევით ბიძგისებური მოძრაობით. თუ ამ მეთოდით შედეგი არ დგება პაციენტი კარგავს გონებას.

ამის შემდგომ არის ტაქტიკა, რომ პაციენტს ვაწვენთ იატაკზე და ვიწყებთ გულ-ფილტვის რეანიმაციას. თუ ქვედა სასუნთქ გზებშია უცხო სხეული გადასული, რამენაირად იქნებ ამოვიდეს ზემოთ და თითის საშუალებით ამოვიღოთ. წამიერად მოდის პაციენტი გონებაზე. ჩემს შემთხვევაში ბავშვმა, სამწუხაროდ, არ ამოაგდო უცხო სხეული. მან გონება დაკარგა. გულ-ფილტვის რეანიმაციით აღდგა ყველაფერი. პირის ღრუში ჩავძვერი და ამოვიღე. საყლაპავი, ტრაქეა, ყველაფერი ჩახეული ჰქონდა ბავშვს. მთავარი იყო, რომ ამომეღო სახურავი და საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა.

თუ ექიმი არ ხართ, პირველ რიგში, აუცილებლად დარეკეთ 112-ში. მეორე, რასაც ვაკეთებთ, არის ჰეიმლიხის მანევრი. იმედია, სასწრაფო მოვა და მოვასწრებთ უცხო სხეულის ამოღებას. ორსულების შემთხვევაში ჰეიმლიხის მანევრის განხორციელება წარუმატებელია. მუცლის ტიპის სიმსუქნის შემთხვევაში ჭარბი წონისას და ორსულობისას, პაციენტს ვურტყამთ ბეჭებს შორის რაც შეიძლება ძლიერად ან გულ-მკერდის ძვალზე ვაწვებით.

თუ თოთო ბავშვია, ამ შემთხვევაში ორი თითით ბიძგისებურად ვაწვებით ბეჭებზე. მისი სხეული მზად არ არის მუშტის დარტყმისთვის. თუ რამე გადაგვცდა და მარტო ვართ, აუცილებლად უნდა მოვძებნოთ ისეთი ადგილი ოთახში, სადაც ზედაპირს დავაწვებით და ჰეიმლიხის მანევრს გავაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად