Baby Bag

„მოაგვარებთ ამ 3 რაღაცას და უძილობა არასდროს შეგაწუხებთ,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„მოაგვარებთ ამ 3 რაღაცას და უძილობა არასდროს შეგაწუხებთ,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ უძილობის პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა:

„რამოდენიმე დღის წინ, ვიღაც წამომეწია, მაჩერებს და მეუბნება: „მე ვერ ვიძინებ უკვე წლებია. ვსვამ რეცეპტულ, ასევე არარეცეპტულ წამლებს. შედეგი მაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც წამალს ვსვამ, მერე ისევ თავიდან იწყება.“ მე ვკითხე, უძილობის რომელი ფორმა აქვს, რადგან უძილობა სხვადასხვაგვარია. ერთი ფორმაა, რომ დაწვები და ვერ დაიძინებ, სანამ შუაღამე არ გახდება, მეორე, რომ ჩაიძინებ, მაგრამ ღამე ხშირად გეღვიძება, მესამეა, როდესაც ჩაიძინებ, არ გეღვიძება, მაგრამ დილით ძალიან ადრე იღვიძებ. მან მითხრა, რომ სამივე სახის უძილობა აწუხებს.

პაციენტის ისტორია შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ მისი უძილობის გამომწვევი მიზეზი იყო ძალიან მარტივი. დაიმახსოვრე, როდესაც საქმე ეხება უძილობას, თუ ის არ არისი გამოწვეული დაავადებით, ყველაზე ხშირი მიზეზი არის სამი რამ. პირველი, ეს არის სტრესი, მეორე - დეპრესია, მესამე - შფოთვა. როდესაც არის უძილობა, გამოსავალი არ არის წამლები. გამოსავალია, რომ მოაგვარო უძილობის მიზეზი. თუ გგონია, რომ ეს სამი მიზეზი ყოველდღიურობაში არ არის, ცდები. გამოცდა რომ გაქვს, ეს სტრესია შენთვის, რაღაც ხდება შენს ცხოვრებაში და ამაზე ღელავ, ეს სტრესია შენთვის, ვიღაც რომ გყავს ცუდად, სტრესია შენთვის, რაღაცას ელოდები, ეს სტრესია შენთვის. თუ თქვენ გაქვთ უძილობა და არ მოაგვარებთ სტრესს, დეპრესიას და შფოთვას, ჩათვალეთ, რომ უძილობა არ მოგვარდება არასდროს, მედიკამენტებითაც კი,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ხარ 50+ ასაკის და ხარ მწეველი“ - ფილტვის კიბოს რისკებზე დავით გიორგაძე გვესაუბრება

„თუ ხარ 50+ ასაკის და ხარ მწეველი“ - ფილტვის კიბოს რისკებზე დავით გიორგაძე გვესაუბრება

„როდესაც ექიმთან მიდის პაციენტი, 50+ ასაკის და ამბობს, რომ დიდი ხნის სტაჟი აქვს თამბაქოს წევის ან მუშაობს მავნე პირობებში და ასახელებს გარკვეულ სიმპტომს, უპირველესად უნდა გამორიცხო სიმსივნე და მხოლოდ შემდეგ იფიქრო ფილტვის სხვა დაავადებებზე“ ​დავით გიორგაძე - თორაკალური ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიული სამსახურის უფროსი და ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელი ​ფილტვის კიბოს ირგვლივ MOMSEDU.GE-ს მკითხველს ესაუბრება:

„ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ვერაგ დაავადებას, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოხატულებები არ აქვს და იმ სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ფილტვის ანთებით, ავტოიმუნურ ან ტუბერკულოზურ პროცესებსაც შეიძლება ახლდეს თან. ჩვენებები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლებისა და თავის ტკივილს.“

ზოგადი კლინიკური მანიფესტაციის გამო, ხშირად სხვა დაავადებების დიაგნოზით მკურნალობენ. შედეგად, ფილტვის კიბოს გამოვლენა პაციენტთა 60%-70% -ში არა ადრეულ სტადიაზე, არამედ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. არადა დროულ დიაგნოსტირებასა და პროფესიონალთა გუნდთან მოხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

- ვინ შედის მაღალ რისკჯგუფში და რატომ არის აუცილებელი დაბალდოზიანი CT სკრინინგი?

დავით გიორგაძე: „მწეველი ადამიანები ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, ასევე გასათვალისწინებელია „მავნე პროფესიები“ - მაგალითად: მღებავი, ზეინკალი, შახტებსა და საბადოებზე მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებული ყურადღებით.

სკრინინგი ეს არის დაავადების გამოვლინება ადამიანების იმ პოპულაციაში, რომელთაც არავითარი განსაკუთრებული კლინიკური ჩივილი არა აქვთ და გამოკვლევაზე მიდიან თავის დაზღვევისა და ჯანმრთელობის გადამოწმების მიზნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროულად აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს ფილტვის ​კიბოს სკრინინგის პროგრამა და მოიცავს 45-დან 70 წლამდე პაციენტებს, რომლებიც მწეველები არიან ან აქვთ პროფესიული რისკფაქტორები. მათ შეუძლიათ ფასდაკლებით ჩაიტარონ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, სკრინინგული გადაღება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება, ნაკლები რადიოლოგიური დატვირთვით.“

იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადგენის საფუძველი, ტარდება სხვადასხვა ტესტი, რომელთა საშუალებითაც კიბოს უჯრედებზე დაკვირვება და მათი მდგომარეობის შესწავლა ხდება: რადიოლოგიური კვლევები, ნახველის ციტოლოგია, ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება). ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მისი სტადიის შესწავლის შემდეგ, ექიმმა უნდა შეიმუშაოს მკურნალობის ყველაზე შესაფერისი და ეფექტური საშუალება.

- როგორია ფილტვის კიბოს მკურნალობის გზები?

დავით გიორგაძე: „მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდია: ქირურგიული, სხივური თერაპია და მედიკამენტური. მედიკამენტურში შედის ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, რომელიც პაციენტებს ჩვენებებისა და სტადიის მიხედვით უტარდებათ. ადრეულ სტადიაში ქირურგიულ მკურნალობას მივმართავთ, ხოლო როდესაც დაავადება უკვე მესამე სტადიაშია, ძირითადად, მედიკამენტურ მკურნალობაზე გადავდივართ. არიან პაციენტები, რომელთაც შეიძლება სამივე მეთოდით მკურნალობა დასჭირდეთ. ბოლო პერიოდში, მკურნალობის ახალ მეთოდებს - იმუნოთერაპიასა და ტარგეტულ თერაპიას მივმართავთ, რომელთაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, როდესაც ის წინასწარ ჩატარებული სხვადასხვა მუტაციისა და დიაგნოსტიკური მარკერის შეფასების შედეგადაა განპირობებული.“

- როგორ შეგვიძლია ფილტვის კიბოს პრევენცია?

დავით გიორგაძე: „ფილტვის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავებაა, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და სუფთა გარემო. „მავნე პროფესიების“ რისკჯგუფებისთვის კი თავდაცვის საშუალებების გამოყენებაა (მაგ: აირწინაღის) აუცილებელი.

მოგეხსენებათ, ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა, რომლის ფარგლებშიც, დავით გიორგაძეს „ნიუ ჰოსპიტალსში" ექნება უფასო კონსულტაცია 19 ნოემბერს.

R. 

წაიკითხეთ სრულად