Baby Bag

„მოაგვარებთ ამ 3 რაღაცას და უძილობა არასდროს შეგაწუხებთ,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„მოაგვარებთ ამ 3 რაღაცას და უძილობა არასდროს შეგაწუხებთ,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ უძილობის პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა:

„რამოდენიმე დღის წინ, ვიღაც წამომეწია, მაჩერებს და მეუბნება: „მე ვერ ვიძინებ უკვე წლებია. ვსვამ რეცეპტულ, ასევე არარეცეპტულ წამლებს. შედეგი მაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც წამალს ვსვამ, მერე ისევ თავიდან იწყება.“ მე ვკითხე, უძილობის რომელი ფორმა აქვს, რადგან უძილობა სხვადასხვაგვარია. ერთი ფორმაა, რომ დაწვები და ვერ დაიძინებ, სანამ შუაღამე არ გახდება, მეორე, რომ ჩაიძინებ, მაგრამ ღამე ხშირად გეღვიძება, მესამეა, როდესაც ჩაიძინებ, არ გეღვიძება, მაგრამ დილით ძალიან ადრე იღვიძებ. მან მითხრა, რომ სამივე სახის უძილობა აწუხებს.

პაციენტის ისტორია შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ მისი უძილობის გამომწვევი მიზეზი იყო ძალიან მარტივი. დაიმახსოვრე, როდესაც საქმე ეხება უძილობას, თუ ის არ არისი გამოწვეული დაავადებით, ყველაზე ხშირი მიზეზი არის სამი რამ. პირველი, ეს არის სტრესი, მეორე - დეპრესია, მესამე - შფოთვა. როდესაც არის უძილობა, გამოსავალი არ არის წამლები. გამოსავალია, რომ მოაგვარო უძილობის მიზეზი. თუ გგონია, რომ ეს სამი მიზეზი ყოველდღიურობაში არ არის, ცდები. გამოცდა რომ გაქვს, ეს სტრესია შენთვის, რაღაც ხდება შენს ცხოვრებაში და ამაზე ღელავ, ეს სტრესია შენთვის, ვიღაც რომ გყავს ცუდად, სტრესია შენთვის, რაღაცას ელოდები, ეს სტრესია შენთვის. თუ თქვენ გაქვთ უძილობა და არ მოაგვარებთ სტრესს, დეპრესიას და შფოთვას, ჩათვალეთ, რომ უძილობა არ მოგვარდება არასდროს, მედიკამენტებითაც კი,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ლაქტაციის დროს დედის კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება'' - კოლიკის გამომწვევ მიზეზებზე პედიატრი საუბრობს

,,ლაქტაციის დროს დედის კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება'' - კოლიკის გამომწვევ მიზეზებზე პედიატრი საუბრობს

რა იწვევს მუცლის ტკივილს ახალშობილებში, რითი შეიძლება ავარიდოთ მათ კოლიკა და ახდენს თუ არა ზეგავლენას დედის კვების რაციონი აღნიშულზე? - ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი თათია სხირტლაძე.

- მუცლის ტკივილი ახალშობილებში გავრცელებული პრობლემაა. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?

- კოლიკის მიზეზი სრულად შესწავლილი არ არის, ეს არის ტირილის შეტევა, რომელიც ძირითადად იწყება ახალშობილის დაბადებიდან 3 კვირაზე და გრძელდება 3-4 თვემდე, რის გამოც „სამთვიან კოლიკასაც“ უწოდებენ.

ძალიან ხშირად კოლიკის შეტევა დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან, რაც განპირობებულია ჩვილებში კუჭ-ნაწლავის უმწიფრობით. საკვების გადაჭარბებული მიღების, ძუძუს სწრაფად გამოწოვის ან არასწორად შერჩეული საწოვარით ხდება- აეროფაგია- ჰაერის გადაყლაპვა და შესაბამისად ნაწლავის გადაბერვა, სპაზმი. თუმცა კოლიკის შეტევის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ჩვილის უმწიფარი ნერვული სისტემა, ძუძუთი კვების დროს დედის მიერ მირთმეული პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ზოგიერთი საკვები პროდუქტის აუტანლობა (მაგ. ლაქტოზის აუტანლობა ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის), სიგარეტის გამონაბოლქვი ჩვილის ადგილსამყოფელში და არაჯანსაღი, სტრესული სიტუაცია ოჯახში, დედის დაძაბულობა.

- ხშირად, მშობლები ძუძუთი კვების არასწორ ტექნიკას იყენებენ. როგორი უნდა იყოს ბავშვის მდგომარეობა ჭამის დროს და განაპირობებს თუ არა ეს მუცლის ტკივილს?

- ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სწორად იდებდეს ძუძუსთავს პირში, რათა ზედმეტი ჰაერი არ გადაყლაპოს, პირველ რიგში დედა უნდა მოთავსდეს მოხერხებულად და ბავშვი მთელი სხეულით უნდა იყოს მიბრუნებული დედისკენ, ძუძუსთავი მოთავსდეს ჩვილის ფართოდ გაღებულ პირში, ისე რომ ტუჩის ლორწოვანი მოჩანდეს და სრულად ფარავდეს ძუძუსთავის არეალს.

- არის თუ არა რაიმე მეთოდი, რითაც ავარიდებთ ბავშვს მუცლის ტკივილს?

- პრევენციული ზომები, რითაც თავს ავარიდებთ კოლიკის შეტევას, ძირითადად დაკავშირებულია კვების პროცესთან. ძუძუთი კვების დროს - წოვის სწორი ტექნიკა, რომ ნაკლები ჰაერი გადაყლაპოს პატარამ, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში არ შეცვალოთ საკვები თქვენი ინიციატივით, მნიშნელოვანია, ანტიკოლიკური ბოთლის შერჩევა, სადაც მცირდება კვების დროს ჰაერის გადაყლაპვა, შეარჩიოთ სწორი რძის ნაკადი (არც ძალიან სწრაფი, არც ძალიან ნელი, უმჯობესია იყოს ძუძუს დრვილიდან რძის ნაკადის მსგავსი), დაეხმარეთ კვების დროს და ასევე დასრულების შემდგომ, ვერტიკალური პოზის მიღებით მოახდინოს დაბოყინება.

რადგან კოლიკა ზოგიერთი ჩვილის ცხოვრების ნორმალური ნაწილია და არ არის საზიანო, ჩვეულებრივ რეკომენდირებული არ არის მედიკამენტების მიღება, საკმარისია დაიცვათ პრევენციული ზომები და ტკივილის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: გაუკეთეთ მუცლის მსუბუქი მასაჟი, ფეხების პედალისებური მოძრაობა, ჩასვით თბილ აბაზანაში, მიიკარით მჭიდროდ მუცელზე- ეს დაცულობის შეგრძნებას უჩენს, ხელს უწყობს მათ მოდუნებას, რასაც ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.

- იწვევს თუ არა ბუნებრივი კვების დროს, დედის მიერ მიღებული საკვები პატარას მუცლის ტკივილს?

- თანამედროვე კვლევებით და რეკომენდაციებით ბუნებრივი კვების დროს დედის კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება. მნიშვნელოვანია, დედას ჰქონდეს ჯანსაღი, დაბალანსირებული კვება და მასში არ უნდა შედიოდეს ალერგიული საკვები და ალკოჰოლი. დაკვირვების პრინციპით თქვით უარი იმ პროდუქტზე, რომელიც უმწვავებს კოლიკას თქვენს პატარას.

- ბუნებრივი კვების დროს უფრო ხშირია მუცლის ტკივილები, თუ ხელოვნური კვებისას?

- კოლიკა ვლინდება, როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში, პრაქტიკულად ერთნაირი სიხშირით. ბავშვის კვების ტიპი არ ახდენს გავლენას მის გავრცელებაზე, თუმცა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს, ძირითადად მასში შემავალი ძროხის რძის კომპონენტის გადამუშავება უჭირთ, რის გამოც პედიატრის მიერ ყურადღებით უნდა შეირჩეს ადაპტირებული რძის ფორმულა. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად