Baby Bag

„სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისთვის სტაფილო ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცხიმიან საკვებთან ან რძის პროდუქტებთან ერთად,“- ლაშა უჩავა

„სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისთვის სტაფილო ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცხიმიან საკვებთან ან რძის პროდუქტებთან ერთად,“- ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ ისაუბრა:

„სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითი არსებობს. ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი, რძე ნამდვილად შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ძვლოვანი სტრუქტურისა და კუნთოვანი ქსოვილის ზრდისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაფილო, რომელიც ვიტამინ A-ს შეიცავს. ის უნდა მივიღოთ რძესთან კომბინაციაში. უნდა გვახსოვდეს, რომ სტაფილოს მიღება ცალკე, როგორც პროდუქტის, არ გვეხმარება ზრდის ხელშეწყობაში. ის აუცილებლად უნდა მივიღოთ ცხიმიან საკვებთან ერთად, ან უნდა იყოს მცენარეულ ზეთთან ერთად გახეხილი, ან რძის პროდუქტებთან ერთად მიღებული. რძეს აქვს თავისი ცხიმიანობა, რომელიც უფრო მარტივად აათვისებინებს ორგანიზმს A ვიტამინს. რძის პროდუქტები პირდაპირ კავშირშია ზრდასთან. ჩვენ ვიცით, რომ რძე შეიცავს ცილოვან სტრუქტურას, რომელიც კუნთოვანი მასის ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით. ის არის საშენი მასალა ჩვენი ძვლისთვის, რომ მან ზრდა-განვითარება შეძლოს.

ძელზე ჩამოკიდება არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება. ეს რეალობაა. რიგ შემთხვევებში ჰგონიათ, რომ ძელზე ჩამოკიდება 5-8 სანტიმეტრს მოამატებინებთ, მაგრამ არა. ის ზოგადად ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებას და ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებასაც. ძელზე ჩამოკიდება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ხერხემლის სვეტი იყოს სწორად განვითარებული, რომ ხერხემლის დეფორმაციამ არ მოგვცეს შემდგომში ზრდის შეფერხება.

მსმენია ფრაზები: „თმა გაქვს გრძელი და როგორ გაიზრდები.“ ეს, რა თქმა უნდა, არის მითი. ეს მითი დაკავშირებულია მცენარეების ზრდასთან. მცენარე მთლიანად ფესვებიდან იღებს გარკვეულ ნივთიერებებს. მას ფოთლების ქვემოთა ნაწილს აჭრიან, რომ სიმაღლეში წავიდეს.

იოგა და გაწელვები, გარდა იმისა, რომ ბავშვთა ასაკში ზრდა-განვითარებას ეხმარება, ზრდასრულ ასაკშიც გარკვეულ ეფექტებს გვაძლევს, როდესაც არის ხერხემლის დეფორმაცია. კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც იჭერს ხერხემალს, არის მოდუნებული და ხერხემალი არის დაბლა დასული. იოგა ყველაფრისთვის კარგია,“- მოცემულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად