Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წნევის საზომი აპარატის მანჟეტი გადავიჭიროთ ტანსაცმელზე,“- თამარ დაუსის რეკომენდაციები წნევის სწორად გაზომვისთვის

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წნევის საზომი აპარატის მანჟეტი გადავიჭიროთ ტანსაცმელზე,“- თამარ დაუსის რეკომენდაციები წნევის სწორად გაზომვისთვის

ექთანმა თამარ დაუსმა წნევის სწორად გაზომვისა და წნევის აპარატის სწორად შერჩევის წესებზე ისაუბრა:

„ჩვენ გვაქვს ცხრილი. მარცხენა მხარეს დატანილია მკლავის გარშემოწერილობა. მარჯვენა მხარეს არის როგორც სიგანე, ასევე მანჟეტის სიგრძე. თუ მკლავის გარშემოწერილობა არის 35-44 სანტიმეტრი, მანჟეტის სიგანე უნდა იყოს 16 სანტიმეტრი და 36 სანტიმეტრი უნდა იყოს სიგრძე. რა ვქნათ, თუ ეს ცხრილი არ გვაქვს? მაშინ უნდა გავზომოთ მკლავის გარშემოწერილობა და რა ციფრსაც მივიღებთ, მისი 80 პროცენტი ციფრი უნდა იყოს მანჟეტის სიგრძე. თუ მკლავის გარშემოწერილობა არის 40 სანტიმეტრი, 32 სანტიმეტრი უნდა იყოს მანჟეტის სიგრძე. ყველა აპარატს, რომელსაც თქვენ იყიდით, ექნება ისრები, რომელიც სიგრძეზე მიანიშნებს. თუ მანჟეტი არის ჩვენი მკლავისთვის პატარა, მაჩვენებელი, რომელსაც მივიღებ იქნება არასწორი იმდენჯერ, რამდენჯერაც გავიზომავთ. ეს ციფრი ყველა წნევის საზომს აქვს აღნიშნული. შემიძლია ვთქვა, რომ სახლში ვისაც აქვს წნევის აპარატი, არავის რეალურად არ მიუქცევია ყურადღება ამ ციფრებისთვის.

მანჟეტზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი, სადაც წერია: მარჯვენა მკლავი და მარცხენა მკლავი. ისრები მიანიშნებს იმ ადგილზე, რომელიც უნდა მოხვდეს არტერიაზე, სადაც ვზომავთ წნევას. ნეკა თითს რომ ამოვუყვეთ, პულსაცია რომ მოვძებნოთ და ეს ისარი უნდა იყოს მოთავსებული ამ არტერიაზე. ფონენდოსკოპის დიაფრაგმაც ამ მფეთქავ ნაწილს უნდა დაედოს, რომ კარგად გავიგონოთ. ხშირად ხდება ხოლმე წნევის გადაზომვა. მანჟეტის გაბერვასაც კი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მანჟეტს რატომ ვბერავთ? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სისხლის მიმოქცევა კიდურში. როდესაც პირველად ვიზომავთ წნევას, მანჟეტი უნდა გავბერო, როგორც კი ვიგრძნობ, რომ პულსი შეჩერდა, მაგალითად, შეჩერდა 120-ზე, 20 მილიმეტრ-ჰიდრარგირუმით კიდევ უნდა ავწიო ზემოთ მაჩვენებელი 140-მდე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყო მანჟეტის დაფუშვა, რომ გავიგონო პირველი დარტყმა და გავიგონო ბოლო დარტყმა.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვიჭერთ მანჟეტს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ მანჟეტი გადავიჭიროთ ტანსაცმელზე. წლებია წნევას ვზომავ და პულოვერიდან ან ტანსაცმლიდან ფონენდოსკოპით მოსმენა, სადაც ასევე შრაშუნი ისმის ტანსაცმლის, მიუჩვეველი ყურისთვის არის აბსოლუტურად შეუძლებელი. როდესაც კიდევ გადავზომავთ და გადავზომავთ, არ ვიცით სადამდე ვზომავთ, საიდან დავიწყეთ. როდესაც წნევის გაზომვას ვიწყებთ, უნდა დავჯდეთ სკამზე და ხელი ისე უნდა მოვათავსოთ მაგიდაზე, რომ იყოს ჩვენი გულის დონეზე. წნევის გაზომვამდე ადამიანმა 5 წუთი უნდა დაისვენოს და არაფერი გააკეთოს. ნახევარი საათი არ ჰქონდეს საკვები და წყალი მიღებული,“- მოცემულ საკითხზე თამარ დაუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

წაიკითხეთ სრულად