Baby Bag

„ბავშვმა იცის თვითონ მისი სიმაძღრის ზღურბლი, მას საკვები არ უნდა დავაძალოთ,“ - ბავშვთა ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია

„ბავშვმა იცის თვითონ მისი სიმაძღრის ზღურბლი, მას საკვები არ უნდა დავაძალოთ,“ - ბავშვთა ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია

ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინოლოგმა ეკატერინე კვარაცხელიამ ბავშვებში ჭარბი წონის გამომწვევ ფაქტორებზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა ბავშვებს საკვები არ დააძალონ:

„ვიცით, რომ ძუძუთი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი სხეულის ჭარბი მასით, აუცილებლად ვეკითხებით ძუძუთი კვების არსებობას ანამნეზში. ვიცით, რომ მინიმუმ ექვს თვემდე უნდა იყოს ძუძუთი კვება. ეს არის ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება.

მნიშვნელოვანია 1 წლამდე პერიოდში მშობლის მიერ ბავშვის კვებითი ქცევის ჩამოყალიბება და ბავშვისთვის საკვების დაძლება. ეს უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, რომ ბავშვმა იცის თვითონ მისი სიმაძღრის ზღურბლი. მას არ უნდა დავაძალოთ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე თავად უნდა. რას შეჭამს ბავშვი, ეს არის მშობელზე დამოკიდებული, მაგრამ რამდენს შეჭამს, ეს უნდა გადაწყვიტოს ბავშვმა. რა თქმა უნდა, იგულისხმება რაციონალურ ფარგლებში.

არიან ბავშვები, რომლებიც უკიდურესად მცირე ულუფებით იკვებებიან, მაგრამ უხშირეს შემთხვევაში ბავშვი ამას თვითონ აკონტროლებს. თუ ბავშვი ჭარბად იკვებება, მისი ყურადღება უნდა გადავიტანოთ. თუ ის მუდმივად სახლშია და მაცივართანაა, ამის რეგულირება უნდა მოხდეს. ის ფიზიკურად უნდა დავტვირთოთ და აბსოლუტურად სხვა გარემოში გავიყვანოთ, სადაც არ ახსენდება საკვები. მნიშვნელოვანია, რითი წაიხემსებს ბავშვი. ეკრანთან გატარებული დრო აუცილებლად პირდაპირპროპორციულია სხეულის მასის ინდექსის. თუ ბავშვი ეკრანთან ერთ საათზე ნაკლებ დროს ატარებს, ჭარბი წონის რისკი გაცილებით ნაკლებია. თუ ბავშვი 2-3-4 საათზე მეტს ატარებს ეკრანთან, იქ ძალიან იმატებს სიმსუქნისა და ჭარბი წონის რისკი,“- მოცემულ საკითხზე ეკატერინე კვარაცხელიამ „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე Live”

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად