ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი... რეანიმაცია... პალატები... უცებ უჩვეულო კარდი - პატარები მშობლებთან ერთად, ნახვის საათები არ იყო... ერთ-ერთი პაციენტის მამამ დაგვინახა, დავით ციბაძეს მადლობით შეეგება და შვილის მდგომარეობის განხილვა დაიწყო... აქ პატარა პაციენტების ფსიქო-ემოციურ სფეროს გამორჩეული სინატიფით ეპყრობიან და მენტალურ ჯანმრთელობაზე ფსიქოლოგის აქტივობებთან ერთად მშობლების ჩართულობით ზრუნავენ. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პატარებს შეუძლიათ 24/7 თან ჰყავდეთ დედა ან მამა. ეს ყველაფერი კი სისტემური თანაარსებობის, პერსონალის გადამზადებისა და ინფექციის დაცვის პირობებში ხდება.
„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტი სტრუქტურულად ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებას, ამბულატორიასა და თერაპიულ პალატებს მოიცავს. ცენტრის კონცეფცია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის სრული მასშტაბით სამართავადაა შექმნილი.
ბავშვთა ასაკში სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა პოლიტრავმა, როგორებიც არის: სიმაღლიდან ვარდნა, ავტოსაგზაო შემთხვევა, ხრჩობა და სხვა. საშუალო ასაკი კი 7 წელია.
პოლიტრავმა წარმოადგენს ყველაზე მულტიდარგობრივ გუნდურ სამუშაოს, სადაც პრინციპულად მნიშვნელოვანია 24/7 ყველა დარგის სპეციალისტის ადგილზე ყოფნა.“
- მკურნალობის რა ეტაპებს გადის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ტრავმით შემოსული პაციენტი?
დავით ციბაძე: „პირველი ეტაპი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა. პოლიტრავმის დროს, კლინიკაში შემოსვლიდან პირველი 6 საათი ყველაზე კრიტიკულია სისხლდენის მართვისთვის, რადგან ამ დროს მაღალია გარდაცვალების რისკი. ამიტომ ბავშვთა გადაუდებელი თერაპიის განყოფილება აღჭურვილია ნებისმიერი დაზიანების აღმოსაფხვრელად, ისევე როგორც ცენტრის რეანიმაციის განყოფილება. შემდეგი ეტაპია ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, რის გამოც სწრაფი, გადაუდებელი რადიოლოგიური კვლევების შემდეგ პაციენტი შეიძლება გადავიყვანოთ საოპერაციოში ნეიროქირურგიული ჩარევისთვის. საოპერაციოები „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუდამ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. მათი აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის დაზიანებების გამო ჩასარევად; ტრავმის შედეგად ამპუტირებული კიდურების თუ სხვა დაზიანებით ტრავმატოლოგებისთვის, ყელ-ყურ-ცხვირის, ოფთალმოლოგების, ყბა-სახის და ა.შ. ქირურგების სამუშაოდ.“
- ვინ ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულ პაციენტებს?
დავით ციბაძე: „პოლიტრავმის მართვა გუნდურად, ყველა დარგის საჭირო სპეციალისტის მიერ ხდება. ამ გუნდის ძირითადი რგოლები ინტენსივისტი-რეანიმატოლოგები არიან. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდის ყველა წევრი წლების მანძილზე ჩართული იყო „მეიოს კლინიკის“ (USA Rochester MN) ტრავმა-ქირურგიის და შოკის მართვის პროექტში, მათ შორის არიან ამ პროექტის ტრენერები, პროვაიდერები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ პედაგოგიურ მუშაობას სხვა კლინიკების ექიმებთან. სწორედ ჩვენები არიან ის პირველი გუნდი, რომლებმაც ახალი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით მოახერხეს ტრავმების მართვა, რაც შედეგშიც აისახა.
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში შემოსულ ნებისმიერი ასაკის, სიმძიმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს 24/7 ემსახურება პროფესიონალთა გუნდი:
ბავშვთა ზოგადი ქირურგი;
ნეიროქირურგი;
ბავშვთა თორაკოქირურგი;
ტრავმატოლოგი;
ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი;
ყბა-სახის ქირურგი;
ოფთალმოლოგი
პლასტიკური ქირურგი;
ბავშვთა რეანიმატოლოგიის გუნდი;
რეაბილიტოლოგი;
მაღალი პილოტაჟის ექთნები;
ნებისმიერი გართულების საჭიროებისთვის პედიატრიული სპექტრი (გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, კარდიოლოგი და სხვა).
- დიაგნოსტირების რა შესაძლებლობები არსებობს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში?
დავით ციბაძე: „ჩვენი კლინიკა განებივრებულია მაღალი ხარისხის ლაბორატორიითა და რადიოლოგიური (X-Ray, MRI, CT) სამსახურით. დაწყებული ექსპრეს ლაბორატორიით, როდესაც კვლევების პასუხი 2-3 წუთში გვაქვს, დამთავრებული ბიოქიმიურ-ჰემატოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევებით. ამას გარდა ძალიან კარგი რადიოლოგიური ცენტი გვაქვს. ყველა კვლევა, რომელიც პოლიტრავმების მართვისთვისაა აუცილებელი, შეგვიძლია სრულფასოვნად ჩავატაროთ, რაც ნამდვილად ცვლის იმ გამოსავალს, რომელიც შეიძლება კონკრეტულ პაციენტთან გვქონდეს.
ამავდროულად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. კლინიკას აქვს ვენტილაციის, წყლის თუ ელექტრომომარაგების ევროპული სტანდარტის სისტემები, რომლის გამართულობაც მუდმივად კონტროლდება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს კომფორტულ ერთადგილიან პალატებში წნევათა სხვაობების არსებობას, რაც ინფექციის კონტროლის მნიშვნელოვანი რგოლია.“
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უწყვეტად თანამშრომლობს „მეიოს კლინიკასთან“. თანამშრომლობის ფარგლებში ხდება როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის განყოფილებების ფუნქციონირებისთვის პროტოკოლების დანერგვა და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში გამართვა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, „მეიოს კლინიკის“ ექიმების ჩართვა პაციენტების მართვაში.
შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს
საახალწლო რეკომენდაციებზე შაქრიანი დიაბეტის დროს „პირადი ექიმი მარი მალაზონიას“ პირდაპირ ეთერში ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ბავშვს შევუქმნით ძალიან სტრესულ გარემოს და ბევრ რამეს ავუკრძალავთ, შანსი იმისა, რომ ის არ დაემორჩილება წესებს, გაიზრდება. აუცილებელია ვიპოვოთ კომპრომისი და პირველ რიგში, დავიწყოთ შერჩევა პროდუქტებისა, რომელიც ჯანსაღად ჩაანაცვლებს რაფინირებულ ტკბილეულს. მაგალითად, ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, თხილეული უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე კრემიანი ნამცხვარი.
,,ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვმა, მოზარდმა და მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ გაიკეთოს ინსულინი იმ მიღებული საკვების შესაბამისად (შაქრიანი დიაბეტის დროს). თუ მივიღებთ ტბილეულს, თუნდაც გოზინაყის ( მიუხედავად იმისა, რომ ფრუქტოზას შეიცავს, შემდეგ გლუკოზად გარდაიქმნება) სახით, მშობელმა სწორად უნდა დაითვალოს და სწორად გაუკეთოს ბავშვს ინსულინი, იმ საკვებზე გათვლით, რასაც იღებს.
კიდევ ერთი კარგი ღონისძიება იქნება, რომ ბავშვმა მეტი ივარჯიშოს, ფეხით ისეირნოს, იცეკვოს და რაც მიირთვა ფიზიკური დატვირთვის სახით გამოიყენოს. დღესდღეობით, მეტნაკლებად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხელოვნური დამატკბობლები, რომლითაც შესაძლებელია ტკბილეულის მომზადება. აქაც გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა იცოდეს რომელი დამატკბობელია უსაფრთხო ბავშვისთვის და არ გადააჭარბოს გამოყენების ლიმიტს“- აღნიშნა ნინო ხელაძემ.
ენდოკრინოლოგმა ჰიპოგლიკემიის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჰიპოგლიკემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე დაბალია. ,,შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს: მედიკამენტის დოზის გადაჭარბება, კვების რეჟიმის დარღვევა, საკვების არაადეკვატური ულუფა, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა,'' - დასძინა ნინო ხელაძემ.
ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: ოფლიანობა, გულის ფრიალი, კანკალი, წამოცხელება, სიწითლე ან გაფითრება, მხედველობის გაორება, ტუჩების დაბუჟება. მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს, უმჯობესია გამოიყენოთ პურის პატარა ნაჭერი, ნაკლებად ტკბილი ხილი (ვაშლი), ცილოვანი საკვები (რძე ან რძის ნაწარმი).
დაიმახსოვრეთ! - შაქრის ფხვნილი, თაფლი და საკონდიტრო ნაწარმი გამოიყენეთ მხოლოდ მძიმე შემთხვევაში და მაქსიმალური სიფრთხილით, სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მატების თავიდან ასაცილებლად - აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''.
„ახალი წლის პერიოდში, როდესაც ყველა ოჯახში სტუმრიანობაა და მშობლებმა შესაძლოა დიდი დრო ვერ დაუთმონ ბავშვებს. თუმცა, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომ ყველა ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. თუ დაგეგმილია ფიზიკური აქტივობა, უნდა გაკეთდეს ნაკლები ინსულინი. ჰიპოგლიკემია შესაძლოა, განვითარდეს უშუალოდ ვარჯიშის დროსაც და ვარჯიშიდან 2 საათის მანძილზეც კი (გააჩნია ვარჯიშის ტიპს). თუ მას არ გაუკეთებია ნაკლები ინსულინი, მაშინ მეტი საკვები უნდა მიიღოს (კომბინირებული ნახშირწყლის სახით), რათა ვარჯიში დაიფაროს ნახშირწყლოვანი დატვირთვით (მაგალითად, მჭადი და ყველი ან ნადუღი). განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ აქტივობა მოხდა ღამე, ძილის წინ. არსებობს თანამედროვე მეთოდები, რომელიც ჰიპოგლიკემიას ხსნის, მაგალითად, ინსულინის ტუმბო, გლუკოზის მონიტორინგის სისტემა - ეს საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ“ - აღნიშნა ნინო ხელაძემ.