Baby Bag

რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი

რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ორსული ქალების მიერ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია:

„მნიშვნელოვანია დავიცვათ რეჟიმი. ორსულის ექსპოზიცია მსგავსი ტიპის მოწყობილობებთან უნდა იყოს დოზირებული, ლიმიტირებული და ორგანიზებული. ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომელიც არაორსულის შემთხვევაში არის არააქტუალური, ორსულის შემთხვევაშიც რჩება. ხანგრძლივად, უწყვეტ რეჟიმში ერთი და იგივე საქმიანობის განხორციელება, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს უკავშირდება, ეს არის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა, მხედველობაზე განსხვავებული დატვირთვა, ნერვულ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა. ელექტრონული მოწყობილობა ბლოკავს სხეულიდან სხვადასხვა სიმპტომისა და ჩივილის შეგრძნებას. ჩვენ უფრო გვიან მივხვდებით, რომ გვეტკინა წელი, უფრო გვიან ვიგრძნობთ, რომ ხელი დაგვეღალა, თვალი დაგვეღალა. ამ დროს უფრო ნაკლებად ვახამხამებთ თვალებს. ეს ყველაფერი არის სტრესის მაღალი დონე და ეს ორსულს არაფერში არ სჭირდება.

ის, რაც მაღალი სტრესისა და მაღალი შფოთვის დონისთვის არის დამახასიათებელი, ამის მიმართ ორსული ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც არაორსული. ნაყოფი ზოგადად მეტად მგრძნობიარეა სტრესული ფაქტორების მიმართ. ორსული ქალბატონისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რეჟიმი, ვიდრე არაორსულობის შემთხვევაში. ჩვენ ამ დროს პასუხისმგებელი აღარ ვართ მხოლოდ საკუთარ სხეულზე, პასუხისმგებლობა გვაქვს ნაყოფის წინაშე,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის საშვილოსნოს გარე ორსულობა და როგორია მისი მკურნალობა?

რა არის საშვილოსნოს გარე ორსულობა და როგორია მისი მკურნალობა?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია საშვილოსნოს გარე ორსულობაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის საშვილოსნოს გარე ორსულობა?
ჩვეულებრივ, ნორმალური ორსულობის დროს კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება კვერცხსავალ მილში, შემდეგ კი მილის საშუალებით განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადადის საშვილოსნოს ღრუში, სადაც ხდება მისი ჩანერგვა და შემდგომი განვითარება. საშვილოსნო გარე ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება ხდება საშვილოსნოს გარეთ. არსებობს საშვილოსნოს გარე ორსულობის რამდენიმე სახე:
  • კვერცხსავალი მილის
  • საკვერცხის
  • მუცლის ღრუს
  • საშვილოსნოს ყელი.

​ყველაზე ხშირი ფორმაა კვერცხსავალი მილის ორსულობა.

​ორსულობის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტი ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში იქნება დადებითი.

​განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს არ შეუძლია ზრდა-განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარდა სხვა მიდამოში.

​საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკ-ფაქტორებია:
  • დედის ასაკი 35 წელი და ზემოთ
  • პაციენტებში, ვისაც გადატანილი აქვთ მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა
  • პაციენტებში, ვისაც გადატანილი აქვთ ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუს ორგანოებზე
  • მრავალი აბორტი
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი ავადმყოფობები
  • ენდომეტრიოზი
  • ქირურგიული სტერილიზაცია (კვერცხსავალი მილების გადაკვანძვის მიუხედავად დამდგარი მილის ორსულობა)
  • კვერცხსავალ მილებზე გადატანილი ოპერაცია
  • კვერცხსავალი მილების ლორწოვანის დაზიანება, რაც აფერხებს კვერცხუჯრედის გადაადგილებას საშვილოსნოს ღრუსკენ
  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივის „სპირალის“ გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში
  • ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • ანამნეზში გარე ორსულობა
  • კვერცხუჯრედის პათოლოგია (ქრომოსომული ანომალიები)
  • საშვილოსნოსა და დანამატების ონკო დაავადებები

​რა სიმპტომებია დამახასიათებელი საშვილოსნოს გარე ორსულობისთვის?
უფრო ხშირად გამოხატული სიმპტომებია:
  • შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში
  • მცირე ან ძლიერი სისხლიანი გამონადენი საშოდან
  • თავბრუსხვევა
  • ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე

​როგორ ხდება საშვილოსნოს გარე ორსულობის დიაგნოსტირება?
საშვილოსნოს გარე ორულობის დიაგნოსტირება ხდება ვაგინალური ექოსკოპიითა და სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრით.

​როგორია საშვილოსნოს გარე ორსულობის მკურნალობა?
საშვილოსნოს გარე ორსულობის ნებისმიერი ფორმა წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობას და საჭიროებს დაუყოვნებლივ ოპერაციულ მკურნალობას. ზემოთ აღნიშნული ჩივილებისა და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კვერცხსავალი მილის ზოგიერთი ფორმის დროს (რაც დამოკიდებულია ორსულობის ვადასა და მდებარეობაზე) შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება. რაც ხდება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებითა და მეთვალყურეობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად