Baby Bag

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დალი ტრაპაიძემ ჰიპერტენზიის მართვასთან დაკავშირებით უახლესი ევროპული გაიდლაინის მონაცემების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მას საფუძვლად უდევს 2018 წლის უახლესი ევროპული გაიდლაინი, სადაც მომატებულ არტერიულ წნევად შეფასებულია 140:90-ზე და მეტი. 139:89-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ არტერიულ წნევად. 140:90 წნევის ქვევით სხვადასხვა მიდგომები არსებობს. 120:80 წნევა არის იდეალური. სამედიცინო პერსონალმა, როდესაც ასეთი პოპულარული ხასიათის გამოსვლები გვაქვს, ზუსტი მესიჯები მივაწოდოთ საზოგადოებას იმისათვის, რომ არ დაიბნენ.

როდესაც ვეკითხებით, რამდენია ნორმალური არტერიული წნევა, პასუხი აუცილებლად იწყება სიტყვით: „ჩემთვის“ ან ახალგაზრდობაში მქონდა ეს და ახლა მაქვს ეს. რაც შეეხება მისაღწევ, სამიზნე წნევას მკურნალობის დროს, ეს შეიძლება იყოს 130:80-ზე, როდესაც შესაფასებელია უკვე თანმხლები დაავადებები. ეს არის მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თანმხლები დაავადებების თაიგულში ის სამიზნე წნევა, რომელიც სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას შეამცირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში გახშირდეს პრევენციული ვიზიტები, როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან იმისთვის, რომ დინამიკაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. ასიმპტომური ადამიანის მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, უცილობლად გააუმჯობესებს კლინიკური მდგომარეობის პროგნოზს, თუ ეს მდგომარეობა აღინიშნება,“- მოცემულ საკითხზე დალი ტრაპაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ლონდონში რუსეთის საელჩოს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს საზაგადოების განრისხება მოჰყვა. საელჩო ამტკიცებდა, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ორსული ქალი მსახიობი იყო და მას „ძალიან რეალისტური მაკიაჟი“ ჰქონდა გამოყენებული. აღნიშნული პოსტი Twitter-მა დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით წაშალა.

ორსული ქალბატონის ფოტოსთან დაკავშირებით რუსეთის საელჩო წერდა: „მას ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს. ის კარგად მუშაობს თავის სილამაზის ბლოგებზეც. შეტევის დროს ის ვერ იქნებოდა სამშობიაროში, რადგან შენობა დიდი ხანია აიღო ნეონაცისტურმა აზოვის ბატალიონმა, რომელმაც თანამშრომლებს ადგილის დატოვება უბრძანა.“

ცრუ ბრალდებები თავდაპირველად რუსული Telegram არხებიდან გავრცელდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბლოგერმა დაბომბვის დროს ორი განსხვავებული ორსული ქალის როლი ითამაშა.

რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიის განხორციელებას დღემდე უარყოფს და ომთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. ვირტუალურ სივრცეში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და საზოგადოება ხშირად შეცდომაში შეჰყავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლონდონში რუსეთის საელჩოს Twitter-მა პლატფორმის წესების დარღვევის გამო უკვე სამი პოსტი წაუშალა.

მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ქალი უკრაინელი ბლოგერი მარიანა პოდგურსკაიაა, რომელიც ორსულად არის.

წყარო:​ techcrunch.com

წაიკითხეთ სრულად