Baby Bag

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დალი ტრაპაიძემ ჰიპერტენზიის მართვასთან დაკავშირებით უახლესი ევროპული გაიდლაინის მონაცემების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მას საფუძვლად უდევს 2018 წლის უახლესი ევროპული გაიდლაინი, სადაც მომატებულ არტერიულ წნევად შეფასებულია 140:90-ზე და მეტი. 139:89-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ არტერიულ წნევად. 140:90 წნევის ქვევით სხვადასხვა მიდგომები არსებობს. 120:80 წნევა არის იდეალური. სამედიცინო პერსონალმა, როდესაც ასეთი პოპულარული ხასიათის გამოსვლები გვაქვს, ზუსტი მესიჯები მივაწოდოთ საზოგადოებას იმისათვის, რომ არ დაიბნენ.

როდესაც ვეკითხებით, რამდენია ნორმალური არტერიული წნევა, პასუხი აუცილებლად იწყება სიტყვით: „ჩემთვის“ ან ახალგაზრდობაში მქონდა ეს და ახლა მაქვს ეს. რაც შეეხება მისაღწევ, სამიზნე წნევას მკურნალობის დროს, ეს შეიძლება იყოს 130:80-ზე, როდესაც შესაფასებელია უკვე თანმხლები დაავადებები. ეს არის მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თანმხლები დაავადებების თაიგულში ის სამიზნე წნევა, რომელიც სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას შეამცირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში გახშირდეს პრევენციული ვიზიტები, როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან იმისთვის, რომ დინამიკაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. ასიმპტომური ადამიანის მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, უცილობლად გააუმჯობესებს კლინიკური მდგომარეობის პროგნოზს, თუ ეს მდგომარეობა აღინიშნება,“- მოცემულ საკითხზე დალი ტრაპაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად