Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ანემია და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოს მან?

როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ანემია და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოს მან?

როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ანემია და რა რჩევები უნდა გაითვალისწინოს მან? - ამის შესახებ პედიატრმა, თეონა ტაბატაძემ ,,დიდი შესვენების" ეთერში ისაუბრა.

,,რკინადეფიციტური ანემია ფართოდ გავრცელებულია და აღსანიშნავია როგორც განვითარებულ, ისე - განვითარებად ქვეყნებში. ამიტომ, არც ჩვენ ჩამოვრჩებით. ზოგადად, რაციონალური კვება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აფიშირებული თემაც არის. რაციონალური კვების დაწყება უნდა მოხდეს ძალიან მცირე ასაკიდანვე. როდესაც ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ექვსი თვიდან უკვე არსებობს რისკი იმისა, რომ რკინადეფიციტური ანემია განვითარდეს. თავიდან მიმდინარეობს ხოლმე ლატენტური ფორმით. ფაქტორები არის ის, რომ ორსულობის პერიოდში დედას აქვს რკინადეფიციტური ანემია. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ექვსი თვის შემდგომ რესურსი  დედასაც ეწურება, თუ მისი ექიმის მიერ შესაბამისი ყურადღება არ არის მიქცეული და ბავშვებში უკვე მკვეთრად გამოიხატება ხოლმე. 

თუმდა, დედის მიერ ისეთი ნიშნები, როგორიც არის, დავუშვათ, სიფერმკრთალე, მოგვიანებით ჩნდება, იგივე თმის ცვენა. ამიტომ, რუტინულად, აუცილებელიც კი არის რკინის განსაზღვრა. როგორც აღვნიშნე, თავიდან ჩვენ თვალში არ გვხვდება ისეთი სიმპტომატიკა, რომელიც ახასიათებს ამ დაავადებას. სიფერმკრთალე, ძირითადად, ღრმა რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს. აქამდე რომ არ მივიდეთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის ასეთი მოწოდება, რომ სასურველია, ერთ წლამდე ბავშვი სამჯერ მაინც გადამოწმდეს ჰემოგლობინის დონის რაოდენობაზე სისხლში და უშუალოდ რკინაც. ეს იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ წავალთ რუტინულ სისხლის ანალიზზე, იქ შეიძლება, ლატენტური ფორმა გაგვეპაროს. 

როგორია ნიშნები მოგვიანებით პერიოდში, როდესაც უკვე ლატენტურიდან დეფიციტისკენ მივდივართ - ეს არის მოდუნება, მოუსვენრობა, შემოდის  სიფერმკრთალე, რაც უკვე ვიზუალიზდება. ამიტომ, აუცილებელიც არის, პირველი ერთი წლის განმავლობაში ის გეგმური კონსულტაციები, რაც ეკუთვნის პაარას პედიატრისგან, აუცილებლად განხორციელდეს", - ამბობს პედიატრი.

წყარო: ,​,დიდი შესვენება"

წაიკითხეთ სრულად