Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით დიდი, ბედნიერი ოჯახი, რომელშიც 6 ტყუპისცალი ცხოვრობს

გაიცანით დიდი, ბედნიერი ოჯახი, რომელშიც 6 ტყუპისცალი ცხოვრობს

ანი დავითინიძე მარიამის, ოთოს, ნიკოლოზის, ლიზას, ალექსანდრეს და იოანეს დედაა. დიდ და ბედნიერ ოჯახში 6 ტყუპისცალი ცხოვრობს:

„ყოველთვის ვოცნებობდი, რომ 5 შვილი მყოლოდა. განსაკუთრებით მინდოდა ტყუპები. ბავშვობიდან ვაგროვებდი ტყუპ-ტყუპ რაღაცებს, ტყუპი თხილი, ტყუპი კაკალი.

პირველად რომ გავიგეთ ტყუპები გვეყოლებოდა, გადარეულები ვიყავით. მეორედ არ ველოდებოდით, რომ ტყუპები უნდა ყოფილიყვნენ და ისევ ტყუპები აღმოჩდნენ. მესამე ჯერზე სულ ახალი ემოციები წამოვიდა.

მე და ჩემს მეუღლეს შეძლებისდაგვარად გვაქვს გადანაწილებული მოვალეობები. იმას თავისი მოვალეობები აქვს, მე - ჩემი. დიდები მთლიანად მამაზე არიან გადასულები, რაც პატარები გაჩნდნენ. მამას დაჰყავს აქეთ-იქით. ღამე ერთად ვუმკლავდებით ჩვენს ტყუპებს. ასე ვანაწილებთ დროს.

ასე ვიზრდებით ერთად და მხიარულად ვართ მთელი ოჯახი,“ - თავისი დიდი ოჯახის შესახებ ანი დავითინაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად