Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?
რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს? - ამ თემაზე გაეცანით ექიმ ზაზა თელიას პოსტს.

„​რომელ ხილშია შაქარი მეტი რაოდენობით?

მაღალი შემცველობით:
1. ერთი მანგო - 45 გრამი შაქარი
2. 1 ჭიქა (ანუ 128 გრამი) ყურძენი - 23 გრამი შაქარი
3. 1 ჭიქა ბალი - 18 გრამი შაქარი
4. 1 საშუალო ზომის მსხალი - 17 გრამი შაქარი
5. 1 საშუალო ზომის საზამთროს ნაჭერი - 17 გრამი
6. 1 საშუალო ზომის ბანანი - 14 გრამი შაქარი

დაბალი შემცველობით:
7. 1 ჭიქა მარწყვი - 7 გრამი შაქარი
8. 1 ცალი ავოკადო - 0.5 გრამი შაქარი
9. 1 ჭიქა ჟოლო - 5 გრამი შაქარი
10. ნახევარი, გაჭრილი (64 გრამი) ვაშლი - 5.7 გრამი შაქარი
11. გაჭრილი ფორთოხალი - 8.4 გრამი
12. ნახევარი ჭიქა მაყვალი - 3.5 გრამი შაქარი
13. გაჭრილი კივი - 8.1 გრამი შაქარი

​​RDA-ის მიხედვით დღიური ნახშირწყლების მიღების ნორმა ორივე სქესის, არასპორტსმენი, ჯანმრთელი, ნორმალური წონის (BMI - 18-24.9) ადამიანისთვის არის - 130 გრამი დღეში,“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად