„პირველივე კბილი როდესაც ამოვა, დედამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ამოსული კბილის მოვლა. დედა ხომ ჩემს ყველა ნაწილს უფრთხილდება და მით უმეტეს, ამ ახალ აღმოცენებულ ნაწილს სათუთად უვლის. ე.ი. მეც ამის მიმართ ძალიან დადებითი და კარგი დამოკიდებულება მიყალიბდება. რატომ უნდა მოვუარო იმას, რაც ცუდია? ვუვლი იმას, რაც კარგია. შესაბამისად, დედამ აუცილებლად თითზე უნდა დაიხვიოს რბილი ნაჭერი და ბავშვი მიაჩვიოს, რომ კბილს შევეხოთ და დავამუშაოთ, გავწმინდოთ.
ბავშვს აუცილებლად უნდა ჩამოვუყალიბოთ კბილის ჰიგიენის, პირის ღრუს ჰიგიენის ფენომენი. არა ის, რომ „პირში თითი არ ჩაიდო,“ ეს პირიქით არის. როგორც კი ბავშვს უყალიბდება კბილისადმი სწორი დამოკიდებულება, რომ ის ორგანიზმის ისეთივე ნაწილია, როგორც დანარჩენი ორგანოები, სტომატოლოგთან მისვლისასაც აღარ უჩნდება ნეგატივი. ის სტომატოლოგთან მიდის, რომ კბილს კიდევ უფრო უკეთ მოუაროს. სიკეთეში მიდის და არა უბედურებაში, ტკივილში და ტანჯვაში. ეს ოჯახის პრეროგატივაა. რიტუალი უნდა ჩამოვუყალიბოთ, რომ კბილი აუცილებლად უნდა გავიწმინდოთ, პირის ღრუ პერიოდულად დავამუშაოთ. პირის ღრუსა და კბილისადმი ბავშვს სწორი დამოკიდებულება თუ ექნება, სტომატოლოგთან მისვლის არანაირი პრობლემა არ ექნება. თუ მას სტომატოლოგიც კარგი დახვდა, ყველაფერი კარგად იქნება,“-აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.