Baby Bag

„ეს იყო ნიკოლოზის მეორედ დაბადება... შეუძლებელი შეძლეს ექიმებმა. არავინ არ ელოდა მის გადარჩენას,“- პატარა ნიკოლოზის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

„ეს იყო ნიკოლოზის მეორედ დაბადება... შეუძლებელი შეძლეს ექიმებმა. არავინ არ ელოდა მის გადარჩენას,“- პატარა ნიკოლოზის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

პედიატრმა მაია ჩხაიძემ „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ პატარა ნიკოლოზის სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ისაუბრა:

„პაციენტი სხვა კლინიკან ჩვენს კლინიკაში შემოვიდა. ის ჩვენთან მდგომარეობის დამძიმების გამო გადმოიყვანეს. შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. შემოსვლიდან მეორე დღეს მას ესაჭიროებოდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ეს შემთხვევა გარჩეული იქნა ექსპერტთა საბჭოს ბორდის სხდომაზე. მკურნალობის ტაქტიკაზე ერთად შევჯერდით. ბორდი აქტიურად იყო ჩართული პაციენტის მკურნალობის პროცესში.

ნიკოლოზს დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მისი 3-თვიანი მართვა კლინიკაში იყო უმძიმესი და ეს პაციენტი ძალიან ემოციურია ჩემთვის.მას ძალიან დამძიმებული მდგომარეობა ჰქონდა. ყველანაირი გართულება, რაც კი ახლავს კორონავირუსულ ინფექციას იყო გამოვლენილი. ორივე ფილტვში დრენაჟები იყო ჩადგმული, იყო ბაქტერიული ინფექციაც. ამ ბავშვთან ერთად ერთდროულად მოხდა ისე, რომ სამი უმძიმესი პაციენტი გვყავდა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ექსპერტთა საბჭომ და კოლეგების გვერდში დგომამ. მისი მკურნალი ექიმები რეანიმაციაში იყვნენ მეგი გიორბელიძე და ნინო უმიკაშვილი. ამ ბავშვის სიცოცხლე სიკვდილს გამოვგლიჯეთ და ძალიან დიდი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისთვის მისი სიცოცხლე."

პატარა ნიკოლოზის ავადობის მძიმე დღეები ბავშვის დედამაც გაიხსენა:

„რომ მოვედით, პირველ ღამეს თითქოს სტაბილურად იყო, მაგრამ გაუარესდა ბავშვის მდგომარეობა. ფიტლვები დაზიანებული ჰქონდა. ერთი ფილტვი საერთოდ გაეთიშა. მეორე ფილტვი 70 %-ით არსებობდა და ბევრი ჰაერი იყო ფილტვში, იყო რისკი, რომ ფილტვი გამსკდარიყო. ბავშვის გადარჩენის შანსი არ იყო. იყო ისეთი მომენტები, რომ ფატალურ შედეგსაც ველოდებოდით. ექიმებმა იმის უფლება მომცეს, რომ ყოველდღიურად ნახევარი საათით ამოვსულიყავი რეანიმაციაში და მენახა ბავშვი. ეს იყო რაღაც საშინელება, როდესაც უყურებ სხეულს, რომელიც ცივია და გაყინულია და სიცოცხლის კვალი არ ჩანს. ეს იყო ნიკოლოზის მეორედ დაბადება, უფრო სწორად მესამედ. რომ დაიბადა, მაშინაც პრობლემა ჰქონდა დაბადების დროსაც. შეუძლებელი შეძლეს ექიმებმა. არავინ არ ელოდა ნიკოლოზის გადარჩენას, ეს იყო რაღაც სასწაული.“

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


წაიკითხეთ სრულად