Baby Bag

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ბავშვების სეზონური ვირუსებით ავადობის შესახებ ისაუბრა:

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა. ცხვირიდან გამონადენი და სურდო, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკის შემცველია. ამის უკან ძალიან ხშირად დგას ან ძველი კორონავირუსი, ან რინოვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაციებულია, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ გაციებულ ბავშვს საბავშვო ბაღში, სკოლაში. ის სხვებისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. რჩევა გვაქვს, რომ ამ დროს ბავშვს დამატებით მისცეთ სითხე, ჩაი, რძე, მინერალური წყალი. სითხის დამატებით მიცემა და ტემპერატურის კონტროლი არის ბავშვის მოვლის აუცილებელი ნაწილი.

ბავშვის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვუვლით თუ არა სწორად მას, გვაქვს თუ არა ფანჯრები ღია, ვანიავებთ თუ არა ოთახს, ვასუფთავებთ თუ არა მის გარშემო საგნებს სველი წესით. რინოვირუსის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვეცადოთ ბავშვის იზოლირებას. ნუ შევუზღუდავთ მას მოძრაობას, უბრალოდ შეზღუდვა გვაქვს კონტაქტების. ნუ გავუშვებთ ბავშვს ბაღში. შეიძლება ერთი ბავშვისთვის ვირუსი აღმოჩნდეს მსუბუქი და მეორე ბავშვს გაურთულდეს. ბავშვი ბინის პირობებში უნდა იყოს იზოლირებული.

ვერცერთი ბავშვი ვერ გაიზრდება რესპირაციული ვირუსების გადატანის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის მთავარია არა ავადობის სიხშირე, არამედ მისი სირთულე. წლის განმავლობაში 10 გაციება ნორმალურია. ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს. ნუ ჩათვლით, რომ ეს ბავშვის სუსტი იმუნური პასუხის მიმანიშნებელია, სრულებითაც არა!“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ლიმფომას მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ლიმფომას მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა

მსოფლიოს მასშტაბით ლიმფომა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური დაავადებაა. ამერიკის კიბოს საზოგადოების კვლევებით, 2023 წელს აშშ-ში 89,000 ადამიანს ლიმფომას დიაგნოზი დაუსვეს.

ამ თემაზე უფრო დეტალურად ​MomsEdu.ge-ს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, აიდა გოზალოვა ესაუბრა.

- რა არის ლიმფომა და რა იწვევს ამ დაავადებას?

- ლიმფომა ჰემატოლოგიურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ის სხვა ავთვისებიანი დაავადებების ანალოგიურად ვითარდება მაშინ, როდესაც უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებენ (T და B ლიმფოციტები).

დაავადების წარმოშობა, ძირითადად, მიმდინარეობს ლიმფოციტებში, რომლებიცადამიანს იცავენ სხვადასხვა ინფექციისგან, თუმცა ზოგჯერ თავად ტრანსფორმირდებიან სიმსივნედ. ლიმფომას შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანოებიც: კუჭი, ნაწლავი, ელენთა, ფილტვი, თავის ტვინი (ექსტრანოდალური ლიმფომები).

ზუსტი ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის ცნობილი, თუმცა ჩამოვთვლი ხელშემწყობ რისკ-ფაქტორებს:

1. თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ HIV-ინფექცია, Epstein-Barr (მაგალითად, მონონუკლეოზი) და Kaposi’s sarcoma (KS);

2. მემკვიდრეობითი ისტორია - სიმსივნური დაავადებების,რადიაციის და გარკვეული ქიმიკატების ზემოქმედების;

3. იმუნოდეფიციტი - სამედიცინო მკურნალობის ან სხვა მიზეზებით გამოწვეული - ქიმიოთერაპიით ჩატარებული მკურნალობა, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა (ვინაიდან საჭიროა იმუნოსუპრესანტების მიღება);

4. ასევე, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორების არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად განვითარდება დაავადება.

- რა ტიპის ლიმფომები არსებობს?

- ლიმფომას ორი ძირითადი კატეგორია არსებობს:

● არაჰოჯკინის ლიმფომა (NHL), რომელიც შემთხვევების 90%-შია გამოვლენილი;

● ჰოჯკინის ლიმფომა (HL) ანუ ლიმფოგრანულომატოზი, რომელიც შემთხვევების 10%-ში ფიქსირდება.

არაჰოჯკინის ლიმფომა, რომლის 35-მდე ქვესახეობა არსებობს, იყოფა T დაB ლიმფოციტურ სიმსივნეებად, რომლებიც უმწიფარი ან მწიფე უჯრედებისგან ვითარდება.

ჰოჯკინის დაავადების დროს ლიმფურ ქსოვილში მიკროსკოპული დათვალიერებისას ვლინდება ბერეზოვსკი-შტენბერგ-რიდის გიგანტური უჯრედები.

ზოგადად, 70-ზე მეტი ლიმფომას ქვეტიპი არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოყოფს ორ კატეგორიას - იმუნოპროლიფერაციული დაავადებები და მრავლობითი მიელომა.

არსებობს ორნაირი ლიმფომა - აგრესიული (სწრაფად მზარდი)ან ინდოლენტური, რომელიც ნელა ვითარდება და დიდი ხნის განმავლობაში არ მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას. იმისათვის, რომ დავადგინოთ ლიმფომას ტიპი, საჭიროა ბიოფსიის შედეგად მიღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

- ვინ არიან დაავადების რისკ-ჯგუფში?

- ლიმფომას უმეტესად 20-დან 40 წლამდე პაციენტებში, ასევე 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვხვდებით, ძალიან იშვიათად - 15 წლამდე ბავშვებში.

არაჰოჯკინის ლიმფომა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-7 ადგილზეა და ავადდებიან 60-დან 80 წლამდე ადამიანები, ძირითადად - მამაკაცები.

- რა სიმპტომები ახლავს ლიმფომას?

- ძირითადი სიმპტომებია:

ლიმფური კვანძების ზრდა და შეშუპება - ვითარდება ინფექციის გარეშე და ძირითადად მოიცავს კისრის, იღლიის, საზარდულის მიდამოს. შეშუპების ზრდა ძირითადად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ახასიათებს წონაში კლება (სხეულის საერთო მასა 10%-ზე ნაკლებია დიეტების გარეშე); ტემპერატურა და ოფლიანობა.

- როგორია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები „ნიუ ჰოსპიტალსში“?

- დიაგნოსტირებისთვის პირველ ეტაპზე ვიწყებთ ანამნეზის შეგროვებას, შემდეგ იგეგმება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ლიმფური კვანძის ბიოფსია ან ექსტირპაცია, ტრეპანობიოფსია, ძვლის ტვინის ფუნქციისა და ლაქტატდეჰიდროგენაზას განსაზღვრა, კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (დაავადების სტადიის და შემდგომ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად).

მკურნალობა მოიცავს: ქიმიოთერაპიას, რადიაციულ თერაპიას, იმუნოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიას, CAR T-cell თერაპიას, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას.

კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) მონაცემებით, ის კატეგორია, რომელშიც სრული რემისია მკურნალობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება, საბოლოოდ გამოჯანმრთელებულად შეიძლება ჩაითვალოს.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ლიმფომას მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური მედპერსონალით დაუზრუნველყოფილია ტექნიკური ბაზით, რომელიც ხელს უწყობს გართულებების მართვას, როგორცამბულატორიულ, ასევე - სტაციონარულ რეჟიმში.

- შესაძლებელია თუ არა დაავადების თავიდან არიდება?

- ლიმფომას შემთხვევაში არ არსებობს ადრეული დიაგნოზისთვის ჰემატოლოგიური ან ინსტრუმენტული გამოკვლევები. ყველას ვურჩევდი, რომ დაიცვან სწორი კვება, მოერიდონ მავნე ნივთიერებებს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმ სიმპტომებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და მათი არსებობის შემთხვევაში დაგეგმეთ სპეციალისტთან ვიზიტი, ვინაიდან ადრეული დიაგნოსტირება უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს.

R. 

წაიკითხეთ სრულად