Baby Bag

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი“

„D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი“
D ვიტამინი - სუპერმენი არ არსებობს! - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ბოლო პერიოდია საქართველოში D ვიტამინის დანამატის სახით მიღების ბუმია, ასევე კატასტროფულად გაზრდილია 25(OH)D ლაბორატორიული კვლევის დანიშვნა ექიმების მხრიდან. ის ლამის რუტინულ კვლევად იქცა და პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება „მოდაშია“ და ეს „მოდა“ COVID-19-ის დროს უფრო პოპულარული გახდა.
სამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა
1. რამდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01169259, JoAnn E. Manson, et. al)
დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით.
2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ D ვიტამინის დაბალი მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე.

​და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2 423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01942694, Anastassios G. Pittas, et. al)
დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით.

​3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ D ვიტამინის დაბალი კავშირის ვარდნასთან (falls) ხნიერ ადამიანებში.

​და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00986466, K. Uusi-Rasi, et. al)

​დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში.

​4. მართლა სუპერმენია D ვიტამინი ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?

​და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00000611, Andrea Z. LaCroix, et. al)

​დასკვნა: დანამატის მიღება - კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთაბ შედარებით.

​5. D ვიტამინი და COVID-19

​რამდენიმე კვლევა მიუთითებდა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში D ვიტამინის დაბალ მაჩვენებელზე.

​და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (Guillaume Butler-Laporte, et. al)

​დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობითი ფუნქცია COVID-19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით, უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.

​შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად