Baby Bag

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენად მიზანშეწონილია საღეჭი რეზინის ღეჭვა ბავშვებისთვის?

რამდენად მიზანშეწონილია საღეჭი რეზინის ღეჭვა ბავშვებისთვის?

დღეს საღეჭი რეზინის დიდი არჩევანია და ფასიც ხელმისაწვდომია. ამდენად, სკოლის ბავშვების უმრავლესობა თავად ყიდულობს საღეჭ რეზინას დამთელი დღე ღეჭავს. ალბათ გაინტერესებთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი ღეჭვა ბავშვისთვის?

უნდა იცოდეთ, რომ ჭამის შემდეგ უშაქრო საღეჭი რეზინას ღეჭვა დასაშვებია დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, რადგან იგი ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას და პირის ღრუს გასუფთავებას საკვების ნარჩენებისა და მიკრობებისაგან.

დაუშვებელია მისი გამოყენება ჭამამდე, ვინაიდან ღეჭვისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით კუჭის წვენი. მასში შემავალი აქტიური ფერმენტები ცარიელ კუჭში საკვების მონელების ნაცვლად კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას იწვევს. შედეგად ვითარდება ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი და კუჭის წყლული. ხანგრძლივი დროით, თუნდაც კვების შემდეგ, საღეჭი რეზინის გამოყენება ასევე საზიანოა, ვინადან კბილების გასუფთავების შემდეგ საღეჭ რეზინაზე გროვდება მიკრობების დიდ რაოდენობა, რომლებიც უნდა მოვაცილოთ პირის ღრუს. თუ ბავშვი მიჩვეულია საღეჭი რეზინას დიდხანს ღეჭვას, აკრძალვას აჯობებს განვუმარტოთ, თუ რა ზიანი მოაქვს მას ორგანიზმისთვის.

წყარო: „საუბრები ჯანსაღ კვებაზე“

წაიკითხეთ სრულად