„თითოეული ორსული ძალიან საპატივცემულოა და არის უნიკალური ადამიანი, ორსულობა არ არის პატარა ამბავი,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა ორსულობის, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„არ არის ქალისთვის ორსულობა პატარა ამბავი. 9 თვე გიწვალია, ბევრი რამ მოგითმენია და გადაგიტანია. ჩემთვის თითოეული ორსული ძალიან საპატივცემულოა, თითოეული არის უნიკალური ადამიანი. ეს ძალიან რთული პერიოდია და ეს ყველა ოჯახის წევრს უნდა ესმოდეს, საზოგადოებას, სახელმწიფოს უნდა ესმოდეს. ხელისგულზე სატარებელია ორსული ნამდვილად.

ორსულმა უნდა იცოდეს, რომ მას მუცლის წიაღში ჰყავს ადამიანი, რომელიც ემზადება იმისთვის, რომ დედამ ეს პროცესი გაიაროს უხიფათოდ, ნაკლები ტკივილების შეგრძნებით. შენც უნდა გაითვალისწინო ამ ადამიანის ეს განწყობა, რომ ის დაიბადოს, იყოს სრულფასოვანი ადამიანი, საზოგადოების ძლიერი წევრი.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა ხდება მშობიარობის ტრიგერი და აღმოჩნდა, რომ პირველი სიგნალი, რასაც ბავშვი დედას აწვდის, არის სომატოტროპინის გაგზავნა. ეს არის უნიკალური უჯრედული ჰორმონი, რომელიც დედის ორგანიზმს ატყობინებს, რომ ზრდა დავამთავრე და მზად ვარ დავიბადო და ვიცოცხლო. ამის შემდეგ ორი ორგანიზმი ერთდროულად, ჰარმონიულად იწყებს მშობიარობის პროცესის უხიფათოდ და წარმატებით დასრულებისთვის ზრუნვას. ბავშვი იწყებს დედისთვის ოქსიტოცინის გამომუშავებას და უგზავნის ლოკალურად საშვილოსნოში. ის უგზავნის დედას უჯრედულ ნივთიერებებს, ენდორფინებს, დოფამინს, რომლებიც იწვევს დედის ტკივილების შემსუბუქებას და დედის ეიფორიულ მდგომარეობაში გადაყვანას, რომ დედისთვის მშობიარობის პროცესი იყოს ნაკლებად მტკივნეული. ბავშვი დედას უგზავნის ანგიოტენზინ I-ს და ანგიოტენზის II-ს, რომლებიც გაშიშვლებული სისხლძარღვების დროულად დახურვას უზრუნველყოფს, რომ დედა სისხლდენით არ დაიღუპოს. ბავშვი თუ აცლი ბუნებრივად, ისე ემზადება, რომ ტკივილიც ნაკლებად შეიგრძნოს, გაუტკივარებაც ჰქონდეს. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვის ცოდნას,“- აღნიშნა ვერიკო ბაზიარმა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“