Baby Bag

„საშარდე სისტემის ინფექციებით ყოველწლიურად 150 მილიონი ადამიანი ავადდება,“- ლევან რატიანი საშარდე გზების ინფექციების შესახებ

„საშარდე სისტემის ინფექციებით ყოველწლიურად 150 მილიონი ადამიანი ავადდება,“- ლევან რატიანი საშარდე გზების ინფექციების შესახებ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა საშარდე გზების ინფექციების კლინიკურ გამოვლინებებსა და სიმპტომებზე ისაუბრეს:

„შარდსასქესო სისტემის ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სამყაროში. დაავადებათა შორის ის უამრავ გართულებას იძლევა. საშარდე სისტემის ინფექციებით 150 მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ქალებს ემართებათ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე 5-დან ერთ ქალს აუცილებლად შეაწუხებს რომელი სახის საშარდე სისტემის ინფექცია და მოუწევს მკურნალობის ჩატარება. ქალებს კაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენი აქვთ, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბაქტერიებს, რომ გამრავლდნენ და შარდის ბუშტამდე მიაღწიონ. შესაძლოა, ეს ინფექციები აღმავალი გზით წავიდნენ.

საშარდე გზების ინფექციები, შესაძლოა, ყოველთვის არ იწვევდეს სიმპტომურ და კლინიკურ გამოვლინებებს. როდესაც იკვეთება გარკვეული ნიშნები, სიმპტომები შემდეგი შეიძლება იყოს: შარდვის ძლიერი და გახშირებული სურვილი, წვის შეგრძნება შარდვისას, ხშირი და მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა, ამღვრეული შარდი, მოწითალო ან მოვარდისფრო შეფერილობის შარდი ან სისხლის ნაკვალევი შარდში, მძაფრი სუნის შარდი, მენჯის ტკივილი.

იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია თირკმელშიც მოხვდა, ჩამოთვლილ სიმპტომებს შეიძლება დაერთოს წელის ტკივილი, მაღალი სიცხე და შემცივნება, გულისრევა და ღებინება,"- აღნიშნეს ექიმებმა. 

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად