Baby Bag

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის მითი უნდა დაინგრეს ჩვენთან, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება და მუცელი ებერება,“- პედიატრი ნინო კამკამიძე

„ის მითი უნდა დაინგრეს ჩვენთან, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება და მუცელი ებერება,“- პედიატრი ნინო კამკამიძე

პედიატრმა ნინო კამკამიძემ ბავშვის მოტორული განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სწორად ჩაცმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება:

„პირველ რიგში, სწორი ჩაცმაა მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვი მიდის გადახურებისკენ, ​არასწორი ჩაცმულობაა მის ცხოვრებაში წესად, იკარგება სითხე. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი იწვევს კუნთების ტონუსის მოდუნებას. კუნთების ტონუსის მოდუნება ბავშვს ხდის უხალისოს. მას ჭამა ეზარება, ყველაფრის კეთება ეზარება. სად გინახავთ ადამიანს სცხელოდეს და ის ხალისით მუშაობდეს ან ჭამდეს?! ვითომ რა მოხდა, რომ ბავშვს ორი შარვალი და ორი წინდა ეცვას, ეს არის უკვე პირველი დანაშაული და ძალადობა მის ფიზიოლოგიაზე. ეს პირდაპირპროპორციულად მისი ტვინის განვითარებაზე მეტყველებს ცუდად.“

ნინო კამკამიძის თქმით, უნდა დაინგრეს მითი იმის შესახებ, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება, რაც მუცლის ტკივილს იწვევს:

„ის მითები უნდა დაინგრეს ჩვენთან, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება და მუცელი ებერება. ​მუცლის კოლიკები 12-16 კვირამდე ყველა ჩვილის პრობლემაა. წინდა ეცმევა თუ არ ეცმევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მტევანი და ტერფი არის ერთი ფუნქციით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ ჩაცმას. მინდა, დედიკოებს ვუთხრა, რომ ჭამა არის შრომა მათ ცხოვრებაში. შრომის დროს ადამიანის სისხლის მიმოქცევა ძლიერდება. ჭამის დროს ბავშვს ერთი ზედმეტი ტანსაცმელი გავხადოთ.“

ნინო კამკამიძემ ხაზი გაუსვა ბავშვთან კომუნიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პატარებს პოზიტიური ინფორმაციის და ქათინაურების მოსმენა უყვართ:

„ბავშვებს მუცლად ყოფნის პერიოდან ესმით მშობლის ხმა, დამახსოვრებული აქვთ ხმები. მათ ძალიან სიამოვნებთ პოზიტიური ინფორმაციის მოსმენა და ბევრი ქათინაური. ​ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან მუდმივად ეკონტაქტონ, ესაუბრონ, შეათანხმონ ჭამის, ბანაობის, სტუმრიანობის საკითხი. მუდმივ დიალოგში უნდა იყოს ოჯახი ჩვილთან, რომ მისგან გამოიწვიონ ემოცია. ეს მისი ტვინის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია." 

გარეთ არის ყველაზე ნაკლები ვირუსის კონცენტრაცია, მეტია ჟანგბადი. აივანიც თურმე არ ითვლება გარეთა სივრცედ, აივანზეც გადადის სახლის სიმხურვალე. კლიმატოთერაპია დღეს არ განიხილება მკურნალობის მეთოდად. რასაკვირველია, სუფთა გარემო და ბუნებასთან ურთიერთობა ყველა ადამიანისთვის სასიკეთოა და მით უმეტეს, ჩვილობაში,​ მაგრამ დოგმატურად აქაც არ უნდა მივუდგეთ, რომ გინდა თუ არა კურორტი და მეტი არაფერი. სადაც წავა ჩვილი, სასურველია, რომ იმ კურორტზე 2-3 კვირა გაჩერდეს, რომ სწრაფ აკლიმატიზაციაში არ იყოს წასვლა-წამოსვლაში. წასვლა ყველგან შეიძლება. სადაც დედა და მამა ჰყავს შვილს, სადაც მშობლების სიყვარულია, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იმოგზაუროს ბავშვმა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო კამკამიძემ LIFE FM-ის გადაცემაში „FM-პედიატრი“ ისაუბრა.

წყარო: ​LIFE FM

წაიკითხეთ სრულად