Baby Bag

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ედოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ ტკბილეულზე დამოკიდებულების პრობლემის შესახებ ისაუბრა:

„ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად არ ითვლება, თუმცა გააჩნია პრობლემასაც. ყველა ერთ ქვაბში ვერ იხარშება. ყველა ადამიანი ინდვიდუალურად უნდა შეფასდეს. ვიღაცისთვის თუნდაც ერთი დესერტი დღეში შეიძლება დამღუპველიც იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ამიტომ უმჯობესია, თავი აარიდონ ტკბილეულს.

ტკბილეულზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების მსგავსია. ხშირად ძალიან ძნელია მასზე უარის თქმა. კლასიკური დამოკიდებულება, როგორიც არის ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულებისგან განსხვავდება. ადამიანი ტკბილის მოსაპოვებლად არაკანონიერ საქციელს არ სჩადის. ეს დამოკიდებულება უფრო მარტივია. ამის მოგვარებაც გაცილებით უფრო მარტივი პრობლემაა.

არ არსებობს შაქრის დასაშვები დღიური ნიშნული. ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია. თითოეული უნდა დაფიქრდეს, რომ რამდენადაც მეტს მოიხმარს, ექმნება თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მას ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ეს მის წონაზეც აისახება, ექმნება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პრობლემები, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე პრობლემაა და მისახედია,“- მოცემულ საკითხზე თამარ ზერეკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად