Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ბრონქიტი აქვს?

რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ბრონქიტი აქვს?
რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ბრონქიტი აქვს, როდის არის ხველა საშიში და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? - ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.
- რა არის ბრონქიტი და ძირითადად რომელ სეზონზეა გავრცელებული?
- ბრონქიტი არის სასუნთქი გზების, კერძოდ, ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, რომლის გამომწვევს უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს - ვირუსი. ასევე, შესაძლოა გამოწვეული იყოს ბაქტერიით, ალერგიით, თამბაქოს მოხმარებით, გარდა ამისა, ბრონქიტი შეიძლება იყოს ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების გამოვლინება - როგორიცაა მუკოვისციდოზი (კისტური ფიბროზი). ბრონქიტი წელიწადის ყველა დროს გვხდება, თუმცა მისი სიხშირე განასაკუთრებით მატულობს გვიან შემოდგომას, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე.
- უმეტესად რა ასაკის ბავშვებში გვხდება?
- ბრონქიტი გვხდება ყველა ასაკის ბავშვთან, მაგრამ განსაკუთრებული სიმპტომატიკით და სიმძიმით მიმდინარეობს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, როდესაც მცირე სასუნთქ გზებში (ბრონქიოლებში) ვითარდება შეშუპება და ანთება, ლორწო გროვდება მათში, რაც აძნელებს ჰაერის თავისუფლად მოძრაობას ფილტვებში და გამოიხატება სუნთქვის გაძნლებით.
- რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ბრონქიტი აქვს?
- ბრონქიტის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ხველა, თუმცა თავიდან ბავშვს შეიძლება ჰქონდეს გაციების სიმპტომები: ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ცხელება, საერთო სისუსტე, უმადობა. ხველა შესაძლოა იყოს მშრალი ან სველი (ლორწოთი სავსე). როდესაც ინფექცია პროგრესირებს, კლინიკურად ვლინდება სუნთქვის გახშირება, შეტევითი ხველა, ხველის დროს გულისრევის შეგრძნება და ღებინება, სუნთქვაში მუცლის და გულმკერდის კუნთების მონაწილეობა, ბავშვი უარს ამბობს სითხის და საკვების მიღებაზე. ხველა ხშირად გრძელდება 7-დან 14 დღემდე, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს 3-დან 4 კვირამდეც კი.

- როგორ მიმდინრეობს მკურნალობის პროცესი და რა დროს არის საჭირო მედიკამენტების ჩართვა?
- მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, სიმპტომატიკაზე და ზოგად მდგომარეობაზე. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიტის (ბრონქიოლიტის) სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას, როგორებიცაა: ტემპერატურის კონტროლი/მართვა, სითხეებით დატვირთვა, ცხვირის სანაცია, ოთახის ხშირი განიავება. სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში - ოქსიგენოთერაპია და სტაციონარული მეთვალყურეობა. რაც შეეხება ხველის წამალს, მისი მიღება მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს პედიატრის მიერ. ამოსახველებელი საშუალებების გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, ამოხველების რეფლექსის არქონის გამო. ხშირად გამოიყენება ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და ასევე, ნახველის ევაკუაციის დათრგუნვამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ბაქტერიულ გართულებას.
- საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკით ბრონქიტის მკურნალობაში?
- გამომდინარე იქიდან, რომ ბრონქიტის გამომწვევი უმეტესად არის ვირუსი, ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ანტიბიოტიკი ინიშნება ექიმის მიერ, თუ ფიზიკური გამოკვლევით და ლაბორატორიული მონაცემებით ვლინდება ბაქტერიული ინფექცია.
​

- რა დროს არის ხველა საშიში და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელების ნიშნები: ქოშინი, სუნთქვის დროს ნეკნების ჩაზნექვა, ლაპარაკის ან ტირილის გაძნელება, უარი სითხისა და საკვების მიღებაზე, ხმაურიანი სუნთქვა, ხმის ტემბრის ცვლილება, ტუჩების ან სახის მოლურჯო შეფერილობა, გამოიყურება ცუდად, ასევე თუ აქვს სუსტი იმუნური სისტემა (ანემია, სიმსივნური დაავადება, ცისტური ფიბროზი ან სხვა ქრონიკული დაავადება).

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

წაიკითხეთ სრულად