Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

შეუძლია თუ არა თირკმელში კენჭების არსებობას ადამიანის გარდაცვალების გამოწვევა? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

შეუძლია თუ არა თირკმელში კენჭების არსებობას ადამიანის გარდაცვალების გამოწვევა? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თირკმელში კენჭების არსებობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებზე ისაუბრა:

„წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გარდაიცვალა და ხალხი ლაპარაკობს: „ეს კაცი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი, არაფერი არ აწუხებდა და გარდაიცვალა. კლდესავით კაცი იყო.“ ამ თემას განიხილავენ და იგებ, რომ მას ჰქონდა კენჭები. როგორ ფიქრობ, ამ კენჭების შემთხვევას შეეძლო თუ არა პაციენტის სიკვდილის გამოწვევა? კენჭებიც შეიძლება იყოს სიკვდილის მიზეზი. კენჭებს ყველა უყურებს, როგორც მსუბუქ შემთხვევას. რა მოხდა? კენჭი თირკმელში დიდი ამბავია, შეგაწუხებს და გამოვა... აღმოჩნდა, რომ თირკმლის კენჭები შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნეებითაც.

არსებობს სამი სიმსივნე, რომელიც თირკმელში შეიძლება კენჭებს იწვევდეს. თირკმლის კენჭების 80%-ის ფორმირების მიზეზი კალციუმია. თუ ეს კენჭები 5 მილიმეტრამდე ზომისაა, შარდსაწვეთს გაივლის და უპრობლემოდ გამოვა. თუ უფრო მეტი ზომისაა შეიძლება შარდსაწვეთში ჩაიჭედოს და გამოიწვიოს ტკივილის შეტევა ან ნეკნების ქვეშ, ან საზარდულისკენ, რომელიც მამაკაცებში სათესლე პარკში გადაეცემა, ქალებში კი სასირცხო ბაგეებში.

თირკმლის კენჭები თუ არის რეციდიული და პაციენტს აწუხებს მუდმივად, ის შეიძლება სიმსივნეებითაც იყოს გამოწვეული. ერთ-ერთი სიმსივნე არის პარათიროიდული ადენომა. ეს სიმსივნე გამოჰყოფს ჰორმონს, რომელიც მოქმედებს ძვლებში. იწყება ძვლის დაშლა და გამოყოფილი კალციუმი მიემართება თირკმელში და იწვევს კენჭებს. მსგავსი ჰორმონის გამოყოფა შეუძლია კიდევ ერთ სიმსივნეს, ეს არის ფილტვის სიმსივნე. კიდევ ერთი სიმსივნე, რომელმაც შეიძლება მოგვცეს თირკმელში კენჭები, ეს არის თირკმლის სიმსივნე. არის დაავადება, რომელსაც ჰქვია თირკმელუჯრედოვანი კარცინომა. ზოგჯერ ადამიანს აქვს თირკმელში კენჭები, ყურადღებას არ აქცევს. ეს კენჭები შეიძლება იყოს შედეგი იმისა, რომ მას აქვს სიმსივნე ან ფილტვებში, თირკმლებში, ან ფარისებრახლო ჯირკვლებში. შეიძლება ეს სიმსივნეები არ გამოვლინდეს დიდი ხნის განმავლობაში, გარდა კენჭებისა. თუ ექიმი იქნება ძალიან ჭკვიანი, მას შეუძლია დაადგინოს ჰორმონების დონე და გაიგოს, რა იწვევს კენჭებს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად