Baby Bag

„ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს,“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის საკითხებზე ისაუბრა და წყვილებს ურჩია ორსულობის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვა. ჩვენთან 85% არის სპონტანური ორსულობა. სანამ დაფეხმძიმდება ქალბატონი, მან თუ ჩაიტარა აუცილებელი კვლევები, ინფექციური ფონის გამოკვლევა, ნაყოფიც ჯანსაღი იქნება. თუ ქალისა და კაცის ორგანიზმის შემოწმება არ მოხდა დაფეხმძიმებამდე, ხშირ შემთხვევაში მიდვივართ არასასიამოვნო შედეგებამდე. შეწყვეტილი ორსულობების 80% ინფექციური პათოლოგიის ბრალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნამკურნალები იქნას ორსულობამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა დაიწყოს მიღება ე.წ. ფოლიატების, ფოლიუმის მჟავის. ორგანიზმი ამ პროვიტამინისგან ამზადებს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ნერვული ღეროს დეფექტის პროფილაქტიკისთვის და გონებრივი განვითარებისთვის. ქრომოსომულ აბერაციებზე რომ გადავიდეთ, ამას ზედაპირულად უყურებენ. ეს არ არის მემკვიდრეობითი დაავადებები. ბევრი ისეთი აბერაცია არსებობს, რომლის კორექციაც ორსულობაში შეიძლება, მაგალითად, მარტივი კვებით. ფიზიოლოგიური ორსულობების 85% არის გადასარევი. ფიზიოლოგიურ ორსულობას საერთოდ არაფერი არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სულ სამი რამ: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ეს სამი რაღაც აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს. მინდა მივმართო ყველა ორსულს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური ორსულობა გართულებების გარეშე, არანაირი წამალი არ მიიღონ. ეს არის არასაჭირო ჩარევა ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგოს ორგანიზმში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გარემოში ვითარდება ნაყოფი და რა გარემოში ევლინება სამყაროს. 8 კვირის შემდეგ ნაყოფს შეუძლია განასხვაოს დედისა და ოჯახის წევრის ხმა. აუცილებლად ყოველ საღამოს უნდა ესაუბროთ პატარას. მას აბსოლუტურად ესმის ყველაფერი და აბსოლუტურად აღიქვამს. ის ხმა, რომელიც მას ესმის ყოველდღიურად, მისთვის არის დამამშვიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ბოლო კვლევებია, რომ ბავშვებს მოსწონთ ვივალდი, არ მოსწონთ ბეთჰოვენი, ცალსახად არ მოსწონთ როკ-მუსიკა. აუცილებელია, რომ ის ავარიდოთ ყველანაირ სტრესს. ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქალის განწყობა, ოჯახში რა განწყობაა,“- მოცემულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.

წყარო:​ „რა დროს ძილია“


შეიძლება დაინტერესდეთ

ადამიანების 30% საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელებს არ იბანს, რაც ვირუსული ინფექციების გავრცელებას უწყობს ხელს

ადამიანების 30% საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელებს არ იბანს, რაც ვირუსული ინფექციების გავრცელებას უწყობს ხელს

ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით, ექიმები მარტივი ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვას გვირჩევენ. ახალი ტიპის კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შემდეგ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად მოგვიწოდებენ ხელების სწორად დაბანისკენ. არის თუ არა ხელის დაბანა მართლაც ასეთი ეფექტური ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ? უახლესი კვლევებით მტკიცდება, რომ აღნიშნულ ჰიგიენურ პროცედურას ვირუსული ინფექციის პრევენციის უნარი ნამდვილად შესწევს.

ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად ხელების რეგულარულად დაბანა აუცილებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს დირექტივებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად ხელები საპნითა და თბილი წყლით რეგულარულად უნდა დავიბანოთ. ადამიანების უმეტესობა მედიკოსების რჩევებს ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მათ დიდ ნაწილს მარტივი ჰიგიენური პროცედურების ძლევამოსილების ნაკლებად სჯერა.

კემბრიჯში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის უახლესი კვლევა ამტკიცებს, რომ ხელების დაბანას ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერება ნამდვილად შეუძლია. მკვლევარებმა ეპიდემიოლოგიური მოდელირებისა და ფაქტებზე დაფუძნებული სიმულაციების მონაცემებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ მარტივი ჰიგიენური პროცედურების ზედმიწევნით დაცვას დაავადების ტრანსმისიის შემცირების უნარი შესწევს.

მკვლევარების ინფორმაციით, ადამიანების 30% ხელებს არ იბანს

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მკვლევარების ინფორმაციით, ადამიანების 30% საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელებს არ იბანს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხელების სრულფასოვნად დასაბანად მხოლოდ წყლის გამოყენება საკმარისი არ არის. ხელების დაბანისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საპონი, ხელისგულები, ხელის გარეთა მხარე, თითები და ფრჩხილები საპნით საგულდაგულოდ უნდა დაიბანოთ. ხელიდან საპნის მოსაცილებლად სულ ცოტა 20 წამი მაინც გჭირდებათ. დაბანის შემდეგ ხელი პირსახოცით საგულდაგულოდ უნდა გაიმშრალოთ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარების ინფორმაციით, ადამიანების დიდი ნაწილი საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელს მხოლოდ წყლით იბანს და აღნიშნულ პროცედურას 15 წამზე ნაკლებ დროს უთმობს. აეროპორტში ხელებს წესების სრული დაცვით მხოლოდ მგზავრების 20% ისუფთავებს.

ჰიგიენის წესების დაცვა ვირუსების გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

მკვლევარები საერთაშორისო ფრენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აგროვებდნენ. მათ აინტერესებდათ ფრენების ხანგრძლივობა, მიმართულებები, მგზავრების აეროპორტში დაყოვნების დრო და მათი ურთიერთობების თავისებურებები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე მგზავრთა ინტერაქციის მთავარი მახასიათებლების გათვალისწინებით, მკვლევარებმა კონტაქტური გზით გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები სიღრმისეულად შეისწავლეს. მათ 120 აეროპორტი დაასახელეს, სადაც ინფექციები ყველაზე სწრაფად ვრცელდება. მკვლევარების თქმით, ვირუსული ინფექციების სწრაფი გავრცელება მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიაზე არ ხდება.

იაპონიის, ჰონოლულუს და ჰავაის აეროპორტები დაავადებათა გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან აღნიშნული ქვეყნებიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ აეროპორტებში ვირუსების გავრცელების მაღალი ალბათობაა, ჰიგიენური წესების სათანადოდ დაცვას ინფექციების ტრანსმისიის შემცირება შეუძლია. მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ თუ მგზავრების 60% (არსებული 20%-ის ნაცვლად) ხელებს სრულფასოვნად დაიბანს, ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი 70%-ით შემცირდება. ჰიგიენის წესების ათვისების ხელშეწყობა მედიკოსებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. მიუხედავად ამისა, განათლების დონის ამაღლებამ და ჰიგიენურ კამპანიებში სოციალური მედიის აქტიურმა ჩართულობამ, ადამიანების ჰიგიენური კულტურის დონის მატებას აშკარად შეუწყო ხელი.

მიზნობრივი ჰიგიენური კამპანიების ამოქმედება

მართალია, ჰიგიენასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კამპანიები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, მაგრამ ეს სათანადო მასშტაბებით არ ხდება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერების რეკომენდაციით, საჭიროა იმ საკვანძო აეროპორტების გამოყოფა, რომლებიც ვირუსული ინფექციების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ შერჩეული აეროპორტის მგზავრებს საგანმანათლებლო ჰიგიენური კამპანიების წყალობით, ცნობიერების ამაღლებაში უნდა დავეხმაროთ. აღნიშნული ღონისძიებების წყალობით, ვირუსული ინფექციების გავრცელება სულ ცოტა 37%-ით მაინც შემცირდება.

მკვლევარების რეკომენდაციით, აუცილებელია აეროპორტში დამატებითი პირსაბანი სივრცეების მოწყობა, რათა ადამიანებს ხელის დაბანის სურვილი გაუჩნდეთ. ასევე სასურველია აეროპორტებში დასუფთავების სისტემის უფრო გამართული და აქტიური ფუნქციონირება.

„უახლესი კვლევით დგინდება, რომ აუცილებელია პოლიტიკოსების მხრიდან სტრატეგიული ინტერვენცია აეროპორტებში ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, რაც ინფექციის კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან ახალ სივრცეში გადატანას შეუშლის ხელს,“ - ნათქვამია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ოფიციალურ განცხადებაში.

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანიის წამოწყება და საზოგადოების ჰიგიენური კულტურის ამაღლება გლობალური ეპიდემიების პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

მომზადებულია medicalnewstoday.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად