Baby Bag

„ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს,“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის საკითხებზე ისაუბრა და წყვილებს ურჩია ორსულობის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვა. ჩვენთან 85% არის სპონტანური ორსულობა. სანამ დაფეხმძიმდება ქალბატონი, მან თუ ჩაიტარა აუცილებელი კვლევები, ინფექციური ფონის გამოკვლევა, ნაყოფიც ჯანსაღი იქნება. თუ ქალისა და კაცის ორგანიზმის შემოწმება არ მოხდა დაფეხმძიმებამდე, ხშირ შემთხვევაში მიდვივართ არასასიამოვნო შედეგებამდე. შეწყვეტილი ორსულობების 80% ინფექციური პათოლოგიის ბრალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნამკურნალები იქნას ორსულობამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა დაიწყოს მიღება ე.წ. ფოლიატების, ფოლიუმის მჟავის. ორგანიზმი ამ პროვიტამინისგან ამზადებს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ნერვული ღეროს დეფექტის პროფილაქტიკისთვის და გონებრივი განვითარებისთვის. ქრომოსომულ აბერაციებზე რომ გადავიდეთ, ამას ზედაპირულად უყურებენ. ეს არ არის მემკვიდრეობითი დაავადებები. ბევრი ისეთი აბერაცია არსებობს, რომლის კორექციაც ორსულობაში შეიძლება, მაგალითად, მარტივი კვებით. ფიზიოლოგიური ორსულობების 85% არის გადასარევი. ფიზიოლოგიურ ორსულობას საერთოდ არაფერი არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სულ სამი რამ: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ეს სამი რაღაც აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს. მინდა მივმართო ყველა ორსულს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური ორსულობა გართულებების გარეშე, არანაირი წამალი არ მიიღონ. ეს არის არასაჭირო ჩარევა ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგოს ორგანიზმში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გარემოში ვითარდება ნაყოფი და რა გარემოში ევლინება სამყაროს. 8 კვირის შემდეგ ნაყოფს შეუძლია განასხვაოს დედისა და ოჯახის წევრის ხმა. აუცილებლად ყოველ საღამოს უნდა ესაუბროთ პატარას. მას აბსოლუტურად ესმის ყველაფერი და აბსოლუტურად აღიქვამს. ის ხმა, რომელიც მას ესმის ყოველდღიურად, მისთვის არის დამამშვიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ბოლო კვლევებია, რომ ბავშვებს მოსწონთ ვივალდი, არ მოსწონთ ბეთჰოვენი, ცალსახად არ მოსწონთ როკ-მუსიკა. აუცილებელია, რომ ის ავარიდოთ ყველანაირ სტრესს. ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქალის განწყობა, ოჯახში რა განწყობაა,“- მოცემულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.

წყარო:​ „რა დროს ძილია“


შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?

რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგი, ოჯახის ექიმი, თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში ორსულებში კორონავირუსის თემას ეხმიანება:

,,ყველა ორსული, ორსულობის ვადის მიუხედავად უნდა დარჩეს სახლში. 

გათავისუფლდეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობისაგან სანამ პანდემიის ეს ტალღა გადაივლის და შეუნარჩუნდეს ხელფასი.

მიუხედავად მოწოდებისა, რომ ისინი უნდა აიცრან, უმეტესობა მათგანი არ იცრება სამწუხაროდ, დღეს გაკეთებული პირველი დოზა კი სრულად ვაქცინირების შემთხვევაში შედეგს 6 კვირის შემდეგ იძლევა, ეს დრო საკმაოდ ბევრია და დაინფიცირების რისკი კი უზარმაზარი.

რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?

  • ორსულებში იმუნური სისტემა ისედაც რთულ რეჟიმში მუშაობს და ახალ დაავადებასთან გამკლავება უჭირს
  • ორსულის ორგანიზმში ბუნებრივად გააქტიურებულია სისხლის შედედების ფუნქცია და ადვილად წარმოიქმნება თრომბები
  • ორსული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური - აქტიური კოვიდის დროს გამოვლენილი სისუსტე და იმობილიზაცია კი ამძინებს მდგომარეობას
  • ორსულობის გვიან ვადაზე ისედაც შემცირებულია ფილტვების სრულყოფილად გაშლა, რაც კოვიდის დროს კიდევ უფრო მეტად ქმნის ჟანგბადის ცვლის პრობლემას
  • ორსული ნამდვილად 2 სულია ერთად და ორმაგი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
ორსულები უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საკუთარი თავის და შვილის სიცოცხლეს ამიტომ აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, მაქსიმალირად თავი შეიკავონ ხალხთან კონტაქტისაგან, აიცრან უკვე ავტორიზებული ვაქცინით, ისეირნონ მხოლოდ სუფთა ჰაერზე და იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.

ორსულობა ავადმყოფობა არ არის - ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ კოვიდის პიკის დროს ავადმყოფზე მეტი გაფრთხილება ორსულს ჭირდება,'' - აღნიშნავს ექიმი. 

წაიკითხეთ სრულად