Baby Bag

„ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს,“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის საკითხებზე ისაუბრა და წყვილებს ურჩია ორსულობის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვა. ჩვენთან 85% არის სპონტანური ორსულობა. სანამ დაფეხმძიმდება ქალბატონი, მან თუ ჩაიტარა აუცილებელი კვლევები, ინფექციური ფონის გამოკვლევა, ნაყოფიც ჯანსაღი იქნება. თუ ქალისა და კაცის ორგანიზმის შემოწმება არ მოხდა დაფეხმძიმებამდე, ხშირ შემთხვევაში მიდვივართ არასასიამოვნო შედეგებამდე. შეწყვეტილი ორსულობების 80% ინფექციური პათოლოგიის ბრალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნამკურნალები იქნას ორსულობამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა დაიწყოს მიღება ე.წ. ფოლიატების, ფოლიუმის მჟავის. ორგანიზმი ამ პროვიტამინისგან ამზადებს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ნერვული ღეროს დეფექტის პროფილაქტიკისთვის და გონებრივი განვითარებისთვის. ქრომოსომულ აბერაციებზე რომ გადავიდეთ, ამას ზედაპირულად უყურებენ. ეს არ არის მემკვიდრეობითი დაავადებები. ბევრი ისეთი აბერაცია არსებობს, რომლის კორექციაც ორსულობაში შეიძლება, მაგალითად, მარტივი კვებით. ფიზიოლოგიური ორსულობების 85% არის გადასარევი. ფიზიოლოგიურ ორსულობას საერთოდ არაფერი არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სულ სამი რამ: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ეს სამი რაღაც აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს. მინდა მივმართო ყველა ორსულს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური ორსულობა გართულებების გარეშე, არანაირი წამალი არ მიიღონ. ეს არის არასაჭირო ჩარევა ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგოს ორგანიზმში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გარემოში ვითარდება ნაყოფი და რა გარემოში ევლინება სამყაროს. 8 კვირის შემდეგ ნაყოფს შეუძლია განასხვაოს დედისა და ოჯახის წევრის ხმა. აუცილებლად ყოველ საღამოს უნდა ესაუბროთ პატარას. მას აბსოლუტურად ესმის ყველაფერი და აბსოლუტურად აღიქვამს. ის ხმა, რომელიც მას ესმის ყოველდღიურად, მისთვის არის დამამშვიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ბოლო კვლევებია, რომ ბავშვებს მოსწონთ ვივალდი, არ მოსწონთ ბეთჰოვენი, ცალსახად არ მოსწონთ როკ-მუსიკა. აუცილებელია, რომ ის ავარიდოთ ყველანაირ სტრესს. ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქალის განწყობა, ოჯახში რა განწყობაა,“- მოცემულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.

წყარო:​ „რა დროს ძილია“


შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის ექსტრემალური კონტრაცეფცია და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ მეთოდის გამოყენებასას?

რა არის ექსტრემალური კონტრაცეფცია და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ მეთოდის გამოყენებასას?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ.  რა არის ექსტრემალური კონტრაცეფცია? - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ეს არის კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც იცავს ქალს ორსულობისგან დაუცველი სქესობრივი აქტის დროს. უნდა იცოდეთ, რომ ექსტრემალური კონტრაცეფცია არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ექსტრემალური კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სქესობრივი აქტის დასრულებისთანავე და აქტიდან 72 საათის განმავლობაში. ექსტრემალური კონტრაცეფცია ამცირებს დაორსულების რისკს, მაგრამ არ არის იმდენად ეფექტური, როგორც ყოველდღიური გამოყენების ჩასახვის საწინააღმდეგო აბებები ან პრეზერვატივი. ამ ტიპის კონტრაცეფციის გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლავს სხვადასხვა სახის გართულებები.

ექსტრემალური კონტრაცეფციის დადებითი მხარეა ის, რომ მისი შეძენა შეგიძლიათ რეცეპტის გარეშე, ეფექტურობა - 95%.

როგორ უნდა მოვიქცეთ ექსტრემალური კონტრაცეფციის დროს?

დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ არაუგვიანეს 72 საათისა უნდა მიიღოთ მედიკამენტი. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ოვულაციის დათრგუნვაში (არ ხდება ფოლიკულის გახეთქვა, შესაბამისად, არც კვერცხუჯრედის განაყოფიერება).

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან ამ მეთოდის გამოყენებას?

შესაძლოა, იყოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან (მისი გახანგრძლივება შემდეგ მენსტრუალურ ციკლამდე)
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • სარძევე ჯირკვლების ტკივილი

თუ მედიკამენტის მიღებიდან 2 საათში გექნათ ღებინება, დაურეკეთ თქვენს გინეკოლოგს და შეათანხმეთ, არის თუ არა საჭირო განმეორებით მედიკამენტის მიღება.

თუ მედიკამენტის მიღებიდან 3 კვირაში არ დადგა მენსტრუალური ციკლი, ჩაიტარეთ ტესტი ორსულობის დიაგნოსტირებისთვის.

თუ ექსტრემალური კონტრაცეფციის გამოყენების მიუხედავად ორსულობის ტესტი დადებითია, საჭიროა მიმართოთ გინეკოლოგს, რომ გამოირიცხოს ​საშილოსნოს გარე ორსულობის არსებობა.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ ერთი აბი გიცავთ ორსულობისგან მხოლოდ 1 დაუცველი სქეობრივი აქტის დროს და არა შემდგომი დაუცველი სქესობრივი აქტის დროს შესაძლო ორსულობისგან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად