Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირ შემთხვევაში ცხვირის გაჭედილობის მიზეზი ალერგიასთან ერთად სწორედ ეს ცხვირის წვეთებია,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

„ხშირ შემთხვევაში ცხვირის გაჭედილობის მიზეზი ალერგიასთან ერთად სწორედ ეს ცხვირის წვეთებია,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო ლომიძემ ცხვირის გაჭედვის დროს გამხსნელი წვეთების ხშირად გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს:

„თუ ცხვირის გაჭედილობა ან ცხვირიდან წყლისებური გამონადენი თვეები გრძელდება და არ სრულდება, უკვე ეჭვი უნდა მიიტანონ, ხომ არ გვაქვს საქმე ალერგიასთან. ხშირ შემთხვევაში როდესაც გაციება ან ალერგია იწყება, ერთ-ერთი ხშირი მედიკამენტი, რომელსაც იწყენებენ მშობლები, ზრდასრულები თუ პედიატრი, არის ცხვირის გამხსნელი. მინდა მათ მოვუწოდო, რომ ცხვირის გამხსენელების გამოყენება 3-5 დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული.“

ნინო ლომიძის თქმით, ცხვირის წვეთები ხშირად ალერგიასთან ერთად ცხვირის გაჭედვის მიზეზს წარმოადგენენ:

„ზოგჯერ სწორედ გახანგრძლივებული, კვირებისა და თვეების განმავლობაში გამოყენებული ცხვირის გამხსნელი საშუალებები ხდებიან ამ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულების საგანი. ხშირ შემთხვევაში ცხვირის გაჭედილობის მიზეზი სწორედ ეს ცხვირის წვეთებია ალერგიასთან ერთად. მე ხშირად ვეუბნები პაციენტს, რომ თქვენ გაქვთ ალერგიული რინიტი, მაგრამ ის გართულებულია მედიკამენტური რინიტით.“

„ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება ძალიან ხშირია. ამბობენ, რომ თვეები და წლები არიან ცხვირის გამხსნელ საშუალებებზე დამოკიდებულები. ეს ძალიან დროულად მისახედია. ნელ-ნელა ცხვირის ლორწოვანის დესტრუქცია ხდება და ზოგ შემთხვევაში ეს, შესაძლოა, ოპერაციული მკურნალობითაც დასრულდეს და სხვა გამოსავალი არ იყოს. მან, ვინც ცხვირის გაჭედილობის გამო ხანგრძლივად იყენებს ცხვირის ჩასაწვეთებელს, ალერგოლოგს დროულად უნდა მიმართოს, რათა მასთან ერთად მოხდეს ამ გამხსნელ საშუალებებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ლომიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად