Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის სველი თმით დაძინება?

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის სველი თმით დაძინება?

ბებიებისგან, ალბათ, ყველას გაგვიგონია, რომ სველი თმით დაძინება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არის თუ არა სიმართლის მარცვალი ბებიების სიტყვებში, თუ ეს უბრალოდ მითია? როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, სველი თმით დაძინება ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან სურდოს, როგორც წესი, ვირუსი იწვევს და არა სველი ან მშრალი თმით დაძინება. ამასთან, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სველი თმით დაძინება თავად ჩვენი თმისთვის არის არასასურველი.

  • ღამით სველი თმით დაძინება ქერტლის გაჩენას უწყობს ხელს

ქერტლი კანის გამოშრობას, აქერცვლას და დაზიანებას იწვევს. იცოდით, რომ ღამით სველი თმით დაძინება სოკოს ააქტიურებს, რომელიც ქერტლის გაჩენას უწყობს ხელს. სველი თმა სოკოს ზრდისთვის იდეალურ გარემოს უქმნის. როდესაც ღამით სველი თმით წვებით, ბალიშსაც ასველებთ. ნესტი კი სოკოს ზრდას უწყობს ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, ქერტლის გაჩენას აპროვოცირებს.

  • დილით თმის დავარცხნა ძალიან გაგიჭირდებათ

ღამით სველი თმით დაძინება კიდევ ერთ უსიამოვნებას გპირდებათ. თუ მოუსვენრად გძინავთ, ღამის განმავლობაში თქვენი თმა ყალყზე დადგება. თუ ბავშვებს სველი თმით აძინებთ, მთელ დილას მათი თმების დავარცხნაში გაატარებთ. ნუ დაგეზარებათ ღამით თმის გაშრობა. დროის დაზოგვას თუ გადაწყვეტთ და იზარმაცებთ, გახსოვდეთ, რომ დილით ორმაგი ენერგიისა და ძალის დახარჯვა მოგიწევთ, რათა თქვენს თმას ნორმალური იერი დაუბრუნოთ.

  • თმას დაზიანების საფრთხეს შეუქმნით

სველი თმა მარტივად მოწყვლადია და ადვილად ზიანდება. თუ თქვენ თავზე პირსახოცს იხვევთ და სველი თმით გძინავთ, თმას იმაზე მეტად აზიანებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. პირსახოცის ზედაპირთან ხშირი ხახუნი თმის კუტიკულას აზიანებს, კუტიკულა თმის გარეთა გარსია, რომელიც მას დაზიანებისგან იცავს.

  • ბალიში ბაქტერიების ბუდედ იქცევა

ღამით სველი თმებით თუ იძინებთ, ბალიში აუცილებლად დაგისველდებათ. დასველებული ბალიში ბაქტერიების თავშესაფრად იქცევა. ყოველ ღამით, როდესაც დაძინების წინ სახის კანის მოვლის პროცედურებს ჩაიტარებთ, ამაოდ გაირჯებით, რადგან ბალიშის ზედაპირზე დაბუდებული ბაქტერიები თქვენს კანს მაინც დააზიანებს.

თუ ღამით სველი თმით დაძინება გიწევთ, უმჯობესია თმა ზედმეტი წყლის წვეთებისგან ნაზად გაათავისუფლოთ. პირსახოცით ზედმეტ ხახუნს მოერიდეთ, რათა თმის კუტიკულა არ დააზიანოთ. თმის დაზიანებისგან დაცვაში ნაწნავებიც დაგეხმარებათ, ამასთან დილით ტალღოვანი და ლამაზი თმით გაიღვიძებთ. აჯობებს, თუ თავის დასადებად აბრეშუმის ბალიშის პირს გამოიყენებთ.

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად