Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორი კვების შესახებ

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორი კვების შესახებ

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხელი ან ცივი ერთი და იგივე პროდუქტი ერთნაირი რაოდენობით კალორიებს შეიცავს:

„როდესაც პაციენტებს რაღაც კერძებს ვუკრძალავთ, ძირითადად სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებს ღომს, ვეუბნებით: „ღომი არ შეიძლება.“ გვეკითხებიან: „არც ცივი?“ ეს ძალიან ტიპური აღქმაა. წარმოუდგენელია, ცხელმა რაიმე კალორაჟი შემატოს პროდუქტს. განწყობით როდესაც ვჭამთ ცივ მჭადს და გვგონია, რომ არ გვასუქებს, ეს გვაბედნიერებს. შესაძლოა, 200-300 გრამი მოვიმატოთ, მაგრამ ჩვენ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ასე არაა.“

ლაშა უჩავას თქმით, ჭამა სიამოვნებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში რაციონი სწორად გადავანაწილოთ:

„ჭამა არის სიამოვნება. ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიამოვნების განცდაა. ყოველთვის, როდესაც მივირთმევთ რამეს, გვინდა, რომ ეს გავახანგრძლივოთ. როდესაც რაღაც გვინდა, ის უნდა გადმოვიღოთ, გავაფორმოთ. ​ყველაზე გადამწყვეტია, რომ არ უნდა მოგვშივდეს. უნდა გადავანაწილოთ დღის განმავლობაში რაციონი ისე, რომ შიმშილის გრძნობამ არ უნდა შეგვაწუხოს.“

„არასდროს გამაძღარი არ უნდა ადგე სუფრიდან. შეიძლება გამაძღარი ავდგეთ, მაგრამ სუფრასთან უნდა დავყოვნდეთ დიდი ხანი გამაძღარი. პანდემიის პირობებში ერთადერთი ქვეყანა იყო საფრანგეთი, სადაც სიმსუქნის თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემები არ შეცვლილა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

წაიკითხეთ სრულად