Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სელის თესლის ზეთი ყველაზე საჭირო ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდებისთვის,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„სელის თესლის ზეთი ყველაზე საჭირო ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდებისთვის,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გოგრის თესლის ზეთის, სელის თესლისა და სეზამის მარცვლების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„გოგრის თესლის ზეთი ჩემი ფავორიტია ზეთებს შორის. ის ძალიან უხდება ჩვენს ორგანიზმს, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ასევე იმუნური სისტემის კუთხით. ბოლო დროს ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა პარაზიტული დაავადებებით. მათ აწუხებდათ მუცლის ტკივილი, ქავილი. შევნიშნე, რომ ძალიან ბევრი მათგანი მკურნალობის შემდეგ აგრძელებს გოგრის თესლის ზეთის გამოყენებას, რომელიც არასასიამოვნო გარემოს უქმნის პარაზიტებს გამრავლებისთვის. ის ძალიან კარგად მუშაობს ამ კუთხით.

სელის თესლი ძალიან პოპულარულია ჩვენთან ონკოლოგიაში. პაციენტებს ყოველდღიურ რუტინაში აქვთ ხოლმე მისი გამოყენება. ის ეხმარება ჩვენს ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში. როდესაც საქმე ეხება მოზარდებს, სელის ზეთი ყველაზე საჭირო ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს. სელის თესლი ეხმარება ნაწლავების პერისტალტიკას. სელის თესლის გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა სხეულისთვის.

სეზამის მარცვლები გარდა იმისა, რომ თვითონაც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ასევე ეხმარება ჩვენს ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში. ის ასევე ადგება უჯრედებს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ძალიან გამოადგება თმებს და ფრჩხილებს,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად