Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს - აღნიშნულ კითხვას ​პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს.

გთავაზობთ პედიატრის პასუხს სიტყვა-სიტყვით:

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კბილების გამოხეხვა პატარას მაშინ უნდა დააწყებინოთ, როცა ის თავად შესძლებს ამას და კბილის პასტას არ ჩაყლაპავს, ცდებით.

კბილების მოვლა მაშინ იწყება, როცა პირველი კბილი ამოჰყოფს თავის დაკბილულ კიდეს და გაგახარებთ.პირველი კბილები სველი რბილი ნაჭრით გაწმინდეთ დილა-საღამოს.

ნუ გამოიყენებთ ამ მიზნით მარლის ნაჭერს, რადგან ღრძილზე შემთხვევით უხეში შეხებისას შეიძლება ღრძილების ნაზი ლორწოვანი გარსი დააზიანოთ.

მოსახერეხებელია სილიკონის რბილი ჯაგრისების გამოყენებაც, რომელიც საჩვენებელ თითზე უნდა წამოიცვათ და ფრთხილად გახეხოთ კბილები.

18-24 თვიდან შეგიძილიათ გამოიყენოთ სპეციალური საბავშვო პასტაც, რომლის გადაყლაპვა ბავშვისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ბავშვის ჯაგრისი ცალკე უნდა შეინახოთ. თუ მას ოჯახის წევრების ჯაგრისებთან ერთად მოათავსებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პატარას ჯაგრისს სხვა ჯაგრისები არ ეხება.

ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ შეცვალეთ.

გახსოვდეთ, კარიესი მხოლოდ ჰიგიენის დარღვევის გამო არ ვითარდება, კბილის მთლიანობს დარღვევაზე გავლენა ახდენს ასევე კვების ტიპი, კბილის სტრუქტურაზე მოქმედი ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტი, დაავადებები.

2 წლისათვის პატარას უკვე 20 კბილი უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ, ჩაეწეროთ პირველი პროფილაქტიკური შემოწმებისათვის ბავშვთა სტომატოლოგთან!“

წაიკითხეთ სრულად