Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ზაფხულში ბავშვის სრულფასოვნად დასვენების 4 მთავარი პრინციპი - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

ზაფხულში ბავშვის სრულფასოვნად დასვენების 4 მთავარი პრინციპი - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

​ზაფხულში სრულფასოვანი დასვენებისთვის გარკვეული რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვის იდეალური დასვენებისთვის აუცილებელი პრინციპების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენს სტატიაში უცვლელად შემოგთავაზებთ.

  • პრინციპი I. მიეცით ბავშვის ტვინს დასვენების საშუალება

სრულფასოვანი დასვენებისთვის სწავლა უნდა შეწყვიტოთ და გარემო გამოიცვალოთ. როდესაც სწავლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვის მეხსიერება არ უნდა დავტვირთოთ კაცობრიობის მიღწევების შესახებ ახალი ცოდნით. ზაფხულში სწავლა სხვა ფორმით უნდა გაგრძელდეს. ბავშვის განვითარებისა და შემეცნებისთვის ის მეთოდები გამოიყენეთ, რომლებისთვისაც წლის განმავლობაში დრო არასდროს გრჩებოდათ, მაგალითად, ესაუბრეთ ბავშვს ყვავილებზე, ასწავლეთ მათი დასახელება, აჩვენეთ, როგორ უნდა დაანთოთ კოცონი, როდესაც წვიმს და ა.შ.

  • პრინციპი II. ბავშვმა მაქსიმალურად ბევრი უნდა იმოძრაოს

ზაფხულში ბავშვმა ბევრი უნდა ისეირნოს, ირბინოს, იხტუნოს და იცურაოს. ძალიან სასარგებლოა როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედით სეირნობაც.

  • პრინციპი III. ბავშვი გამოკვებეთ მისი მადის გათვალისწინებით

​თუ ბავშვს საკვების მიღების სურვილი აქვს, მაშინ მას საკვები შესთავაზეთ, ხოლო თუ ის უარზეა, ნუ დააძალებთ, რომ მიირთვას. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა მისი მადის დასაკმაყოფილებლად. 

  • პრინციპი IV. ბავშვი აუცილებლად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე

ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ ​ბავშვი მოაშოროთ ქალაქს, ავტომანქანებს, ქარხნებს, ხალხის მასებსა და ხმაურს.

​წყარო 

წაიკითხეთ სრულად