Baby Bag

„მშობლებს ასეთ რჩევას მივცემდი, რომ ვიდრე სკოლაში გაუშვებდნენ ბავშვს, შეამოწმონ ჩანთის სამხრე ქამრები,“- ფიზიკური თერაპევტი ლევან ნარეშელი

ფიზიკურმა თერაპევტმა ლევან ნარეშელმა ბავშვებში სქოლიოზის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სქოლიოზის მკურნალობა ცურვით, ვარჯიშით და მასაჟებით არასწორია:

„ხერხემლის დეფორმაცია ძორითადად გამოწვეულია არასწორი ფიზიოლოგიური კორსეტის, ზურგის კუნთების მოდუნებიდან გამომდინარე. ბავშვებში ხშირია მეცადინეობის დროს არასწორი პოზიციის შერჩევა, მძიმე ჩანთები. ჩანთებთან დაკავშირებით მშობლებს ასეთ რჩევას მივცემდი, რომ ვიდრე სკოლაში გაუშვებდნენ ბავშვს, შეამოწმონ ჩანთის სამხრე ქამრები. ეს ყოველთვის უნდა იყოს სიმეტრიული. შეიძლება ერთი მაღალი იყოს და მეორე დაბალი. როდესაც ერთ-ერთი არის დაბალი, ხერხემალს ცალ მხარეს აწვება ჩანთის სიმძიმე და დეფორმირებული გადაადგილდება ვიდრე სკოლაში მივა ან სკოლიდან სახლში მოვა. დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლაში ჯდომის მანერას. ვფიქრობ, სკოლაშიც უნდა ხდებოდეს ამის კონტროლი. რაღაც დონეზე ეს უნდა იყოს ახსნილი ბავშვებისთვის, იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ ხერხემლის გამრუდებებს და დეფორმაციებს.

სქოლიოზთან დაკავშირებით დღევანდელი კონსერვატიული მკურნალობის მეთოდიკა ეწინააღმდეგება მასაჟებით, ვარჯიშებით, ცურვით მკურნალობას. ეს პრაქტიკულად აკრძალულიც კია. არსებობს ხერხემლის სქოლიოზის კონსერვატიული მკურნალობის მეთოდი და ეს ერთადერთი აღიარებული მეთოდია მსოფლიოში. არ შეიძლება ფიზიოლოგიური კორსეტის, კუნთების გაძლიერება, როდესაც შიგნით ხერხემალი ჯერ კიდევ არ არის გასწორებული. პირველ რიგში უნდა მოხდეს ხერხემლის სვეტის გასწორება და შემდეგ უნდა გავაძლიეროთ ზურგის კუნთები,“- მოცემულ საკითხზე ლევან ნარეშელმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად