Baby Bag

„მშობლებს ხშირად ეუბნებიან: „არ დაბანოთ ბავშვი ჩუტყვავილას დროს!“ პირიქით, უნდა დაიბანოს ბავშვი ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით,“- პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ჩუტყვავილას დროს ბავშვის მოვლის წესებსა და იმ გართულებებზე ისაუბრა, რომელიც ინფექციას შეიძლება ახლდეს:

„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგადად ბავშვთა ინფექციები ბავშვთა ასაკში ემართებათ, თუმცა დიდებსაც შეიძლება დაემართოთ, იმიტომ, რომ თუ არ აქვს ადამიანს ბავშვობაში მოხდილი, გადამდებია. ყველა ბავშვთა ინფექციას ახასიათებს გართულებები. ჩუტყვავილას დროს მისი გადამდებლობა ძალიან მაღალია. წითელას შემდეგ ის მეორე ადგილზეა. მისი გადამდებლობის ინდექსი არის 12, რაც ნიშნავს, რომ ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია სწრაფად დაავადოს 12 ადამიანი.

ჩუტყვავილას გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი, ასევე გამონაყარში არსებული ბუშტუკების შიგთავსის მოხვედრისგან. მისი ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. კონტაქტიდან სანამ გამონაყარი დაიწყება ადამიანი გადამდებია რამდენიმე დღით ადრე. ბოლო გამონაყარიდან ფუფხი როდესაც გაჩნდება კიდევ 5 დღის განმავლობაში არ არის სასურველი, რომ ბავშვთა კოლექტივში წავიდეს ასეთი ბავშვი.

ჩუტყვავილა განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს. გართულებები ახასიათებს იმუნოკომპომეტირებულ ან თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებს. გართულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გართულება არის ენცეფალიტი. შესაძლებელია ყველაზე ხშირად განვითარდეს რბილი ქსოვილების ინფექცია, ბუშტის შიგთავსი შეიძლება დაინფიცირდეს, ბავშვმა ხელი მოჰკიდოს და ინფექცია შეეჭრას. ძალიან ბევრისგან გამიგონია, რომ მშობლებს ვიღაცები ეუბნებიან: „არ დაბანოთ ბავშვი!“ არავითარ შემთხვევაში! პირიქით, უნდა დაიბანოს ბავშვი ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ უნდა წავუსვათ ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე აღარ არის ხმარებაში, რადგან ის სურათს გვიშლის და მწვანე შეფერილობის ქვეშ ვერ ვხედავთ, როგორი მდგომარეობა აქვს ფუფხებს. თუ ბავშვი არის იმუნოკომპომეტირებული ან ადამიანი არის მოზრდილი, შესაძლოა, ექიმმა დაუნიშნოს ჰერპესის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ენცეფალიტი დადასტურდა, იქ აუცილებლად საჭიროა ინტრავენური ჰერპესის საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელიც ორკვირიან კურსს გულისხმობს,“- მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს - პედიატრის რეკომენდაცები
როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს? - აღნიშნულ კითხვას პედიატრი თამარ ობგაიძე ​პასუხობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.პატარებს მუდამ ახსოვთ, რომ მათ ჩუტყვავილა, მწვანე კოპლებიანი ინფექცია გ...
ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა თელიას რჩევები ჩუტყვავილას მკურნალობის მ...
​დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა:„ჩუტყვავილა ბავშვებში იწყება გამონაყრით, რასაც თან შეიძლება დაერთოს ტემპერატურა. მოზრდილებში პირიქით არის. არის ტემპერატურა,...
„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმიურ კალენდარში,“- პედიატრი თემურ მ...
​ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა. საქართველოში გეგმიური აცრების კალენდარი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ ითვალისწინებს. მოცემულ საკითხზე ინფექციონისტმა ნინო გაბისონიამ ტელეკომ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

„ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება,“ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ბავშვის ფსიქიკაზე მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ზეგავლენაზე ისაუბრა:

„მთავარია გულწრფელი ვიყოთ ჩვენს ემოციაში და ის ბავშვს არ დავუმალოთ. ზოგჯერ გვგონია, რომ ბავშვს არ ესმის ჩვენი კონფლიქტი, გადაღლა და არ ვაქცევთ ყურადღებას. ბავშვი ძალიან მარტივად აღიქვამს იმ იმპულსებს, რაც ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. მასთან ერთად არ უნდა ვიყვიროთ, თუმცა, ის, რომ ახლა გაღიზიანებული ვარ, ეს უნდა იცოდეს ბავშვმა.

5-6 წლის ბავშვს შეგვიძლია პირდაპირ ვუთხრათ, რომ ახლა გაღიზიანებული ვარ, დავმშვიდდები და მერე გავაგრძელებთ კომუნიკაციას და არა ის, რომ ბავშვი მოვიშოროთ თავიდან. ბავშვი მშობლების კონფლიქტს აღიქვამს ისე, რომ სამყაროში რაღაც დიდი კატაკლიზმა ხდება. პირველი მესიჯი, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს არის ის, რომ „შენ გყავს დედაც, მამაც, რომლებიც შენზე ვზრუნავთ.“ ბავშვები ეგოცენტრულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა შენ კი არ ხარ ცუდი და ამიტომ კი არ ვჩხუბობთ ჩვენ, ჩვენ უფროსებს კონფლიქტი გვაქვს, ამას მოვაგვარებთ და შენთან ვიქნებით ისეთივე მშობლები, როგორებიც გყავს, დედაც და მამაც.

დაშორების დროსაც უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ შენ არც დედას კარგავ, არც მამას, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით. ბავშვს პასუხისმგებლობები უნდა ჩამოვართვათ. ბავშვის დაძაბულობა არის, რომ ეს ჩემი ბრალია, რაღაც ცუდად გავაკეთე, ორიანი მივიღე,“- მოცემულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად